Accentnews.ge
რა რისკებს ქმნის ათასობით რუსული პასპორტი საქართველოში

რა რისკებს ქმნის ათასობით რუსული პასპორტი საქართველოში

04/08/2022 12:09:54 ანალიზი

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების პარალელურად პერიოდულად აქტიურდება რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხი. მოთხოვნა ორიოდ დღის წინ კვლავ დააყენა პარტია „ლელომ“, ფიქრობენ რა, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა, ქვეყანა კი დაუცველია გამოწვევების წინაშე. ამავე მიზეზით პარტია „საქართველოსთვის“ აუცილებლად მიიჩნევს, სასწრაფოდ გადაიხედოს მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთთან და ერთწლიანი უვიზო რეჟიმი 1-3 თვემდე შემცირდეს. „რესპუბლიკელები“ კი ბინადრობის საკითხის დარეგულირებას მიიჩნევენ გამოსავლად.

ამჯერად მსჯელობის გახსნას წინ უძღოდა „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ კვლევა, რომელიც საყურადღებო მიგნებებს მოიცავს:

მმართველ გუნდში კვლევას ქსენოფობიური უწოდეს, ხოლო რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე მაგალითად, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, „ომში ჩართვასთანაა კავშირშიო", თუმცა კავშირი მკაფიოდ არ (ვერ) განუმარტავს.

"2008 წლის 8 აგვისტოს მოგანათრებთო"

მსგავს ვითარებაში საქართველოს რიგი მოქალაქეები საკუთარი შესაძლებლობების და პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატავენ პროტესტს. ერთ–ერთი მსგავსი შემთხვევისას საქართველოს მოქალაქე რუსი ტურისტებისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ბათუმში, სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა შენობაში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიტიკური პოზიციის გამო თავდასხმის სამიზნე გახდა თბილისში მოქმედი ერთ–ერთი პოპულარული ობიექტი – „დედაენის ბარი“. საქმე იმაშია, რომ ბოლო თვეებია, ბარში მოსახვედრად ვიზიტორს სიმბოლური კითხვარის შევსების მოთხოვნას უყენებენ, რომელიც რუსეთის აგრესორად და ოკუპანტად მოხსენიებას ითვალისწინებს. ვინც ბარის პოლიტიკას არ იზიარებს, ისინი ობიექტი არ დაიშვებიან.

როგორც ბარის მფლობელი დათა ლაფაური ყვება, რუსეთის უკმაყოფილო მოქალაქეებმა ჯერ სოციალურ ქსელებში ნეგატიური შეფასებებით სცადეს ბარის მენეჯმენტის დასჯა, შემდეგ კი ინტენსიური კიბერშეტევა წამოიწყეს:

„ტყუილებით ცდილობდნენ ჩვენი რეიტინგის დაწევას. მაგალითად, წერდნენ, რომ ხორცი არ ვარგოდა, არადა ჩვენთან ხორცი საერთოდ არ არის. როგორც ჩანს, მტრული რუსული ჯგუფების ყურადღების ქვეშ მოვექეცით და დღეს დილიდან მიმდინარეობს ორგანიზებული თავდასხმა ყველა ჩვენს ყველა სოცგვერდზე. ჟღერს მუქარა, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის 8 აგვისტოს. მსგავსი შეტევისთვის მზად არ ვიყავით. ამჟამად სტრატეგიის დასახვას ვცდილობთ“.

რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შემოდინების კონტექსტში სწორედ მსგავსი სახის რისკებზე ამახვილებს ყურადღებას თადარიგის პოლკოვნიკი, ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აკია ბარბაქაძე:

„შემოსულია კიბერშეტევითი ჯგუფი, არიან „ვაგნერის“ სპეცჯგუფებიც, მათი როლი კი ნანახი გვაქვს ბელარუსში, სირიაში. აქ გვიმყარებენ რუსულ წესრიგს –კერძო მფლობელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, პატარა დისკომფორტისთვის ბარზე კიბერშეტევა განახორციელეს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება პუტინის მოწოდების შემდეგ. მათ შეუძლიათ, შეტევების ქვეშ ამყოფონ ჩვენი საფინანსო სისტემა, ქალაქში გადაადგილების კუთხით შექმნან პრობლემები – არიონ შუქნიშნები, ფრენებს შეუშალონ ხელი – ჯამში, საქართველოში შექმნან კოლაფსი! 2008 წელს სამხედრო ოპერაციების გარდა ისინი კიბერშეტევებით ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოს! როდესაც სახეზე გვაქვს კონკრეტული ჯგუფის მოქმედება, ეს არის დასაწყისი დიდი არეულობის, რომელსაც აქ რუსეთი ჰიბრიდული ომიდან გამომდინარე მოგვიწყობს. ეს არის სამოქალაქო სამოსში გადაცმული ქვედანაყოფი! ხელისუფლება კი ჩვენი ყურადღების მოდუნებას ცდილობს!“.

"გარემოს შესწავლის ეტაპი დაასრულეს და ამას მოჰყვება აქტიური ფაზა"

ჰიბრიდული ომის სპეციალისტი დავით ძიძიშვილი შიშობს, რომ ამჟამად ვართ რისკის წინაშე, მსოფლიოს ბნელი და ნათელი ძალის შეჭიდებისას ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი გავხდეთ:

თუ მივყვებით რუსეთის ჰიბრიდული ომის ფაზებს, დავინახავთ, რომ ის მუდმივად ცდილობს, პირველ ეტაპზე, დასაყრდენი რუსულენოვან მოსახლეობაში შექმნას. მათ გარემოს შესწავლის ეტაპი დაასრულეს და ამას მოჰყვება აქტიური ფაზა – ადამიანების ჩანერგვა სხვადასხვა სივრცეებში (სოციალურ, კიბერ, საინფორმაციო), შემდეგ უკვე თითოეულ ამ ინსტიტუციაში უსაფრთხო სივრცის შექმნა. მაგალითად, ბარების, რესტორნების ათვისება, რომ შეიქმნას უსაფრთხო სივრცე რაშისტული ნარატივების გასავრცელებლად. ამას მოჰყვება აქტიური მოქმედებები და ამაში შეიძლება, ვიგულისხმოთ, მაგალითად, დაპირისპირება იგივე ეთნიკურ ნიადაგზე, რასაც პროგნოზირებდა საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ეს ინსპირირებული იქნება არა ქართველების, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, თითქოს რუსები საქართველოში იჩაგრებიან. ამის შემდეგ იქნება სხვა აქტივობებიც – სამხედრო, ეკონომიკური – გააჩნია, ამ დროს რა ვითარებაში იქნება საქართველოს სახელმწიფო. ეს არის კარგად გაწერილი გეგმა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად მიჰყვება და ამას არც მალავს. 2013–2014 წლებში მათ შეიმუშავეს დოკუმენტი – საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინა და იქ ზუსტად აღწერეს, როგორ შეიძლება საინფორმაციო გარემოშო დომინირების მოპოვება“.

"რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ იმავეს რუსეთი სხვა მეზობელ ქვეყანაში არ გააკეთებს?"

წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილიც ფიქრობს, რომ არსებულ მოცემულობაში სავიზო რეჟიმის აღდგენა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა და პირველ ეტაპზე ეს შესაძლოა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხოთ:

„მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამ კუთხითაც ვიზების შემოღება მოგვცემს ინფორმაციის მიღების დამატებით შესაძლებლობებს – წინსწრებად შეგვიძლია, საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეს ელექტრონული ანკეტის შევსება მოვთხოვოთ, სადაც მან უნდა მიუთითოს საკუთარი მიზნები, საქმიანობა და ვიზიტის ხანგრძლივობა. თუ ტურისტული მიზნით სურს ჩამოსვლა 40 წლის ქალბატონს, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, ეს ერთია, მაგრამ თუ გაურკვეველი პერიოდით სურს ჩამოსვლა 30 წლის კუნთმაგარ კაცს, რომელიც გასამხედროებულ ორგანიზაციებში საქმიანობითაა დაკავებული, ეს უკვე სხვა საკითხია. ამდენად, ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ნათელი სურათი დავინახოთ, ჩატარდეს მეტად ღრმა ანალიზი, ჩამოყალიბდეს პოლიტიკა, რათა რისკებს გავუმკლავდეთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომლის საფუძვლები, მიმდინარეობა, არ გვესმის, ინფორმაციას არ ვფლობთ, ვერ ვაანალიზებთ. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ოფიციალური შეფასებები არ მოგვისმენია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისგან. შესაძლოა, შესაბამისი მუშაობა ხორციელდება და ამის დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ვინაიდან შედეგს და ინსტრუმენტებს ვერ ვხედავ, ამიტომაცაა მსგავსი მოთხოვნები განპირობებული. ვიცით, რომ 24 თებერვლის მოლოდინში რუსეთმა უკრაინაში ჩანერგა დივერსიული ჯგუფები, შეტევის შემდეგ კი უკრაინის ხელისუფლებას მათთან გასამკლავებლად სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ იმავეს რუსეთი სხვა მეზობელ ქვეყანაში არ გააკეთებს? აქ მხოლოდ საქართველოზე არაა საუბარი. ვფიქრობ, ამ კუთხით ყველაზე სერიოზული საფრთხეების წინაშე სადღეისოდ ყაზახეთი დგას და არა საქართველო, მაგრამ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვისურვოთ.

მეორე – საქართველოში ათასობით რუსული კომპანია იხსნება, შესაბამისად იზრდება რისკი, რომ ჩვენი ეკონომიკური სივრცე შეიძლება, გამოყენებულ იქნას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. მესამე – ზოგადად, მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო. მანევრის საშუალება, რომელზეც აპელირებდა წარსულში ბევრი მთავრობა, მათ შორის ჩვენი, გაქრა. შესაბამისად, ჩვენ ან ანტიპუტინური კოალიციის განუყოფელი ნაწილი უნდა გავხდეთ, ან ჩვენი ასოცირება რუსეთის პოლიტიკასთან მოხდება. ეს კი მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესში. აღარ ვსაუბრობ მორალურ მხარეზე, რომელსაც ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

ამდენად, ჩეჩელაშვილი თვლის, რომ რეაგირება, მათ შორის ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემღება აუცილებელია, რაც შეეხება უძრავი ქონების და მიწის შეძენის თაობაზე შეზღუდვების დაწესების მოწოდებებს, სარისკო ნაბიჯად მიიჩნევს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა დააზიანოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S