Accentnews.ge
TI - "საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული"

TI - "საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული"

03/08/2022 08:38:27 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI ) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

TI–ს ინფორმაციით, "გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული".

"2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი შემცირდა", – აცხადებს ორგანიზაცია.

როგორც TI აღნიშნავს, 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს.

ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ "გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას":

"2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად სანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას".

TI საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • "რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S