Accentnews.ge
TI – 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა

TI – 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა

03/08/2022 08:08:18 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

როგორც TI აცხადებს, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

"საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს", –აცხადებს TI.

მისი ცნობით, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13,500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022 წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

"2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში - 2,140 კომპანია , აპრილში - 1,563, მაისში 1,351 და ივნისში - 1,175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში.

მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% (5,990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 98%-ს არაქართული სახელი და გვარები აქვს", – აცხადებს TI.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • "რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S