Accentnews.ge
TI: იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა

TI: იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა

03/08/2022 08:25:56 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია:

"2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა".

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ, დაახლოებით, 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

TI-ის თქმით, პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

„2022 წელი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდით დაიწყო. მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი გაიზარდა. იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2022 წლის ანალოგიურ თვეებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2.8-ჯერ ნაკლები იყო. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI–ს განცხადებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის 6 თვეში 19.1% იყო. 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 30% იყო.

კვლევაში აღნიშული არ არის, რუსეთიდან შემოსული 247 ათასი ვიზიტორიდან რამდენი დარჩა ქვეყანაში და რამდენმა დატოვა საქართველო.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • "რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S