
ქართულ-ამერიკულ ბიზნეს ასოციაციასა და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა:"ეს არის შეთანხმება, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ხედვასა და პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე"
31/05/2025 16:40:00 საზოგადოება
ქართულ-ამერიკულ ბიზნეს ასოციაცია GABA-სა (Georgian-American Business Association GABA) და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოლდი აცხადებს, "ეს მემორანდუმი ეფუძნება საერთო ღირებულებებს, განათლებისადმი პატივისცემასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ეს არის შეთანხმება, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ხედვასა და პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე".
"მაქვს პატივი, როგორც GABA-ს პრეზიდენტმა, მივულოცო აკადემიის ხელმძღვანელსა და რექტორს, ქალბატონ ნანა ჯიქიას — ქალბატონს, რომელიც თავდადებით ემსახურება ქართული განათლების პროგრესს და მომავალ თაობებს უნერგავს პასუხისმგებლობის განცდას, სიძლიერესა და იდენტობის შეგრძნებას.
ამ მემორანდუმით მხოლოდ დოკუმენტს არ მოვაწერეთ ხელი — ეს არის საფუძველი მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება, ღირებულებები და ერთობა ის ძალებია, რომელთა მეშვეობითაც უკეთეს მომავალს ავაშენებთ" - აცხადებს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.
მემორანდუმი გაფორმდა ქართულ-ამერიკულ ბიზნეს ასოციაცია GABA-სა (Georgian-American Business Association) და ლიდერ ქალთა საზოგადოებას შორისაც.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოლდი აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ითანამშრომლებენ დიასპორული თემების გაძლიერებისა და ქალთა მხარდაჭერის მიმართულებით შემდეგ სფეროებში:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და წახალისება ბიზნესის სფეროში;
დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება;
ლიდერობის განვითარების ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.