
ევროპარლამენტი: "პრეზიდენტი სასოლი კავშირზეა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც შუამავლობის გააქტიურების შესაძლებლობებს ეძებენ“
23/03/2021 12:32:20 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი არა მარტო მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართულ ევროპულ შუამავლობას, არამედ თავადაც აწარმოებს მოლაპარაკებებს რიგ ევროპარლამენტარებთან, "რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, გაააქტიურონ ევროპული შუამავლობის მცდელობები".
"ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოში ვითარების დეესკალაციისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას. პრეზიდენტი სასოლი კავშირზეა რამდენიმე ევროპარლამენტართან, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, გაააქტიურონ ევროპული შუამავლობის მცდელობები. იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", – განუცხადა "აქცენტს" ევროპარლამენტის პრეს–სპიკერმა ანჯელიკა პენტსიმ.
ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი კვლავ განახლდება. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.
მანამდე, 17 მარტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, სასოლის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და მაიკლ გალერი იქნებიან.