Accentnews.ge
ევროპელი, ამერიკელი და რუსი პოლიტიკოსები ეხმიანებიან ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკებას

ევროპელი, ამერიკელი და რუსი პოლიტიკოსები ეხმიანებიან ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკებას

28/02/2025 20:01:08 მსოფლიო

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ლიდერები სოციალურ ქსელში მყისიერად გამოეხმაურნენ აშშ-ში, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში მედიის წინაშე შელაპარაკებას აშშ-ისა უკრაინის პრეზიდენტებს შორის, რომელიც მოჰყვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეპლუკას, რაც არაერთი კომენტატორის მხრიდან ფასდება უპრეცედენტოდ. კომენტარები კეთდება მოსკოვიდანაც. შელაპარაკების შემდეგ უკრაინულმა დელეგაციამ დაგეგმილზე ადრე დატოვა თეთრი სახლი. მედია წერს, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი.

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი წერს:

ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ჭირსა და ლხინში. ჩვენ არასდროს უნდა აგვერიოს აგრესორი და მსხვერპლი ამ საშინელ ომში".

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ „ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია":

"უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“, „ღრმად დაუსაბუთებელია" და ემიჯნება:

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“.

დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს, ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ, - თვლის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი:

„უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“.

X-ზე უკრაინულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ზელენსკისადმი მიმართვას ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი:

"თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ მარტო არასდროს არ ხართ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის".

"უკრაინა, ესპანეთი დგას შენს გვერდით",- წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინას:

"შვედეთი უკრაინის გვერდით დგას. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას!".

აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა:

"ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის. აშშ უკეთესს იმსახურებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიყავი და ახლაც ვარ ზელენსკის გვერდით".

ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა:

"ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ"

კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც:

"რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა კი მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მართალი ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და 3 წლის წინ რუსეთს სანქციები დავუწესეთ და ასე გავაგრძელეთ."

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს:

"სიმართლე მარტივია. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. რუსეთი აგრესორია. უკრაინა თავისსა და ჩვენს თავისუფლებას იცავს.. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ".

ევროპარლამენტარმა რაფაელმ გლუქსმანმა ამერიკელებს მიმართა:

"ყველა ამერიკელმა ამაღამ დიდი და ღრმა სირცხვილი უნდა იგრძნოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპა დაუდგეს უკრაინას, დემოკრატიას და თავისუფლებას გვერდში. თქვენს გარეშე და თქვენი ადმინისტრაციის წინააღმდეგ".

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ასევე გააკრიტიკა ამერიკელი ლიდერები:

„აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის,” - წერს შაჰინი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი "კატასტროფულს" უწოდებს ახალი ადმინისტრაციის პოზიციონირებას:

"ტრამპმა და ვენსმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში. ეს არის კატასტროფული შეცდომა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და მოდით განვმარტოთ: ტრამპი და ვენსი ახლა პირადად ფლობენ ამ პოლიტიკას. ეს არ არის ამერიკელების უმრავლესობის აზრი, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა".

რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა მომხდარს "ცუდი შოუ" უწოდა:

"ძალიან დამთრგუნველია ის ცუდი შოუ, რაც ოვალურ კაბინეტში იყო. ტრამპმა უბრალოდ გაიმეორა იმდენი მითი (დიპლომატიური რომ ვიყო) ოვალურ კაბინეტში... სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის. მსგავსი საუბრები უნდა წარიმართოს დახურულ კარს მიღმა. რეალური დიპლომატია არ უნდა ხდებოდეს პრესასთან ოთახში".

ამერიკელი სენატორი ერიკ სვოლველი ასევე ეხმიანება შეხვედრას:

"აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკით. ბიჭს ყვ...ები აქვს. ის შევიდა ოვალურ კაბინეტში და წინ აღუდგა რუსეთის საუკეთესო მომლაპარაკებლებს".

კიდევ ერთი ამერიკელი სენატორი ადამ შიფი წერს:

„დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ და როდესაც შეხვედრა დასრულდა, გმირი ბრუნდება სახლში, უკრაინაში”.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის გამოხმაურებაში დონალდ ტრამპს აქებს:

"ძლიერი კაცები მშვიდობას ამყარებენ, სუსტი კაცები ომს. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მამაცად დადგა მშვიდობის მხარეს. იმის მიუხედავადაც, ეს თუ ბევრისათვის რთულად მოსანელებელი იყო. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ტრადიციული ოდიოზურობით ეხმიანება დისკუსიას:

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა - ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გაკვირვებულია, რომ ტრამპმა და ვენსმა "გაძლეს" და უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრის დროს "არ ჩააზილეს".

"როგორ გაძლეს ტრამპმა და ვენსმა და ამ ნაძირალას არ ჩააზილეს - თავშეკავების სასწაულია". - წერს ზახაროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S