Accentnews.ge
შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

31/07/2024 15:02:18 რეგიონები, საზოგადოება

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს – გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

მათ ედავებიან ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში აქტიურ მონაწილეობას, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი).

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება,– აცხადებენ პროკურატურაში.

ადოკატ ლადო ქუთათელაძის თქმით, წინასასამართლო პროცესი ხვალ საჩხერის სასამართლოში ჩაინიშნა.

პროტესტის მონაწილეები უკვე 141-ე დღეა სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები, რის გამოც ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ისინი კომპანიისგან ზარალის შეფასებასა და მის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S