
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
02/06/2025 12:39:00
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული კადირ იოზდორი დააკავა.
„ხელმისაწვდომი ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კადირ იოზდორი თურქეთის ქალაქ იზმირში 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. დაკავებული თურქეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია რამდენიმე განზრახ მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილებში,“ - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მისივე ცნობით, კადირ იოზდორი ადრე „თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაერთხელ იყო ძებნილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის“, ხოლო 2024 წელს, „კიდევ ერთი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“.
სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქემ ე.წ. საზღვარი ენგურის მდინარეზე გადაკვეთა, არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.
„დაკავებული თურქეთის მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს შემდგომი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატთან ერთად მათ გამოავლინეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი“, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი, ორი - თურქეთის და ორი აზერბაიჯანის მოქალაქე. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უცხოელი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.