Accentnews.ge
რატომ არ ახსენა დუდამ საქართველო: ქვეყანა მეგობრებს კარგავს?

რატომ არ ახსენა დუდამ საქართველო: ქვეყანა მეგობრებს კარგავს?

02/05/2023 12:34:32 ანალიზი

ოფიციალური თბილისის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერების შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოს, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ინტერესების ერთ–ერთი მთავარი ლობისტის და ტრადიციული მხარდამჭერი პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს არხსენებამ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში.

საქმე იმაშია, რომ 2025 წელს პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ექვსი თვით გადაიბარებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კი პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე დააანონსა, რომ ამ პერიოდში „მთავარი პრიორიტეტი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება იქნებაო“. მას არ უხსენებია საქართველო:

"მე და პრემიერ–მინისტრმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდე თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება".

„საქართველო ამოვარდნილია საერთო ევროპული ინტეგრაციის კონტექსტიდან“

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა როგორც ჩანს, არც თუ კმაყოფილმა დატოვა ქვეყანა.

„აფერუმ, ოცნებას, რომ საქართველოს ერთ–ერთი მთავარი მეგობრის და მოკავშირის პოზიციები ისეთია, როგორიც არის. ამას ძალიან დიდი მოხერხება და „სამუშაოს“ გაწევა სჭირდებოდა, რომ მეგობრის პოზიცია შეცვლილიყო“,– თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა თემის კომენტირებისას.

დეპუტატი ანა ბუჩუკურიც პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს:

„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი და სურვილი არაა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქედან გამომდინარეობს საბოტაჟი ამ პროცესისა, იგივე რუსული კანონების შემოგდებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მცდელობა [ბოიკოტს უცხადებს მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას], ესეც არათუ ემსახურება 12 პუნქტის [ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პირობები წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად] შესრულებას, არამედ ეწინააღმდეგება, რადგან ერთ–ერთი რეკომენდაცია სწორედ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა“.

იმაზე, რომ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობები ტრადიციული მიმართულებით აღარ ვითარდება, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა – მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჩაღებულმა ანტიდასავლურმა კამპანიამ მასშტაბური სახე მიიღო.

მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება მიდგომების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ სულ რამდენიმე თვეში მივედით მდგომარეობამდე, „როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, რომელიც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს“:

„არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავდნენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ. მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა ყველა ამ საკითხებში და თუნდაც ომის დროს. ამდენად, იზოლაციის საფრთხე რჩება. იზოლაციის, რომელიც ჩვენს მიერ არის შექმნილი, რაც ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. „მეორე ფრონტის“ მითი“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარი ბიძინა ლებანიძე ფიქრობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილების დემონსტრირებაა.

„ქვეყნები, რომლებიც ბოლო დრომდე საქართველოს აქტიურად უჭერდნენ მხარს (პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები), უკმაყოფილოები არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკით რუსეთის მიმართ. ეს ქვეყნები რუსეთს ხედავენ მთავარ საფრთხედ და მათი პოლიტიკა მიმართულია შეკავებისკენ. თვლიან, რომ საქართველო რუსეთის შეკავების და განეიტრალების პროცესს ჩაეხსნა და ნაწყენები არიან ხელისუფლებაზე [...]ამის ექო შეიძლება იყოს, რომ ისეთი მხარდაჭერა აღარ მოდის რუსეთის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და არც პოლონეთიდან, როგორც ადრე. ეს ბოლო წლების ტენდენციაა და მხოლოდ პოლონეთის პრეზიდენტს არ ეხება“,– უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას „აქცენტს“ ლებანიძე.

მკვლევარი გიორგი ბილანიშვილის ხედვით კი, „მკვეთრად ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა და მიდგომა საქართველოს მიმართ":

„ქვეყანა ამოვარდნილია საერთო ევროპული ინტეგრაციის კონტექსტიდან, ამოვარდნილია დასავლეთთან თანამშრომლობიდან და ეს უკვე ყველასთვის ცხადია. სხვადასხვა გარემოებები, ფაქტები, განცხადებები და გადაწყვეტილებები ამას დაუსრულებლად ადასტურებს. ეს ყველაფერი კი უმთავრესად ჩვენი უმსგავსო პოლიტიკის დამსახურებაა“.

"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე იმედს იტოვებს, რომ საქართველო მოხვდება პოლონეთის პრიორიტეტებში, როდესაც ოფიციალურად, წერილობითი ფორმით გაიწერება:

„ცხადია, ეს განცხადება არ არის სასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანია, დაველოდოთ, რა იქნება პოლონეთის პოლიტიკის პრიორიტეტები იმ ექვსთვიან ვადაში“.

თავად ის გარემოება, რომ დუდამ არ ახსენა საქართველო, ჩხიკვაძეს მიანიშნებს, რომ ქვეყანა „არ განიხილება ერთიან პაკეტში მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად“:

„ალბათ ამის ნიშანია ეს ყველაფერი – აქცენტირება, რომ ჩვენ მათ ჩამოვრჩებით, შესაბამისად, სხვაგვარი ყურადღება გვექცევა, სხვაგვარი შემოთავაზებებია. მათ შემთხვევაში კი (ჩვენზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ არიან უკრაინა და მოლდოვა, ორით და მეტით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები), სხვაგვარი მოლოდინები და განწყობებია“.

ვკარგავთ მეგობრებს?

„მგონია, რომ ასე ადვილად არ აიღებენ ხელს ქვეყანაზე, რომლის ევროპეიზაციისთვისაც ბევრი რამ გააკეთეს. თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი შემქმნელი სწორედ პოლონეთია. დიახ, მაშინ სხვა კონტექსტი იყო, მაგრამ მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერდა ევროპულ არჩევანს, კვლავ აქაა. შესაბამისად, ხელის ჩაქნევა იმის გამო, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას არ ჰქონდეს სურვილი, ბოლომდე შეასრულოს 12 პუნქტი, არ მოხდება“,– ინარჩუნებს ოპტიმიზს ჩხიკვაძე.

ის "აქცენტთან" აღიარებს, რომ ისეთი ენთუზიაზმი საქართველოს მიმართ, როგორიც წარსულში იყო, აღარ შეინიშნება, მაგრამ მისი ხედვით, ინტეგრაციის გზაზე ერთგვარ მაშველ რგოლად არის მოვლენილი ხალხი, რომლებიც ბოლომდე იცავენ საქართველოს ევროპულ არჩევანს: „მხოლოდ ხელისუფლებაზე თუ მიდგება ჯერი, ბუნებრივია, ჩვენი მოკავშირეების, მხარდამჭერების დამოკიდებულება, ცალსახაა – ბევრი კითხვაა ხელისუფლების მიმართ: რუსეთთან მისი დამოკიდებულება; ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ განცხადებებთან შეერთება (საქართველო ფაქტობრივად აღარ უერთდება, ფაქტობრივად, აღარ იზიარებს მის საგარეო პოლიტიკურ ხედვას); ასევე კითხვებია რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით [რუსეთის დახმარება]; რამდენად აქვს სურვილი, მართლმსაჯულების რეფორმა გაატაროს; ამას ემატება ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავება; სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის მიმართ გადასადგმელი ნაბიჯები; ანტიდასავლური განცხადებები; ავადსახსენებელი კანონპროექტის ინიციირება და პირველი მოსმენით მიღება, რომელიც აბსოლუტურად რუსული იყო! ამდენად, ბევრი საკითხი და კითხვაა, რომლებიც უჩნდებათ ჩვენს მეგობრებს“.

ლებანიძეც დარწმუნებულია, რომ მიუხედავად განწყობისა, პოლონეთი არ დაბლოკავს საქართველოს რაიმე სახის წინსვლას ევროკავშირში თუ ნატო–ში.

„საბოლოოდ მათ ინტერესებშია, საქართველო უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს და დაშორდეს რუსეთს. უკმაყოფილების გამო საქართველოს დაბლოკვა არ მოხდება“,– ამბობს ლებანიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეიძლება, შეფერხდეს, თუ ხელისუფლება შიდა რეფორმებს არ გაატარებს, არ მოხდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება: „მეორე სერბეთი და უნგრეთი არ სჭირდებათ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S