Accentnews.ge
„არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს! იზოლაციის საფრთხე ბევრად რეალურია, ვიდრე მოგონილი „მეორე ფრონტის“ მითის“

„არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს! იზოლაციის საფრთხე ბევრად რეალურია, ვიდრე მოგონილი „მეორე ფრონტის“ მითის“

14/06/2022 18:54:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს იზოლაციის რისკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე რეალურია, ვიდრე „მეორე ფრონტის“ შესახებ მითი, რომელიც შიდა მოხმარების, საზოგადოებაზე გავლენის მიზნით შეითხზა.

„კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? ასევე გაღიზიანებას აჩენს პარტნიორებში, რამეთუ ადვილია პასუხი – თუნდაც ის, რაც მოლდოვამ გააკეთა. ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები არავის მოუთხოვია (ესეც უნდა ითქვას). „ომში ჩართვა“ მისგან ასევე არავის მოუთხოვია და არც ჩვენგან! მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს – გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც ჩვენ არ (და არა ვერ) გაგვიკეთებია და ეს ყველაფერი ცხადია, კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნების და მზაობის შესახებ“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სულ მოკლე დროში – რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, „როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, რომელიც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს“:

„არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავდნენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ. მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა ყველა ამ საკითხებში და თუნდაც ომის დროს. ამდენად, იზოლაციის საფრთხე რჩება. იზოლაციის, რომელიც ჩვენს მიერ არის შექმნილი, რაც ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. „მეორე ფრონტის“ მითი“.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის „რადიკალურმა ფრთამ“ დამაზიანებელი როლი ითამაშა, თუმცა რაც არ უნდა დესტრუქციული ყოფილიყო მათი აქტივობა ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ ვითარებაზე ხელისუფლებაზეა და ის ამ პასუხისმგებლობას ვერავის გაუნაწილებს.

მისი თქმით, ვითარება მძიმეა, მაგრამ მცირე, რეალური შანსი ჯერ კიდევ რჩება. აქვე მან ახსენა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მოწოდებით სრულდება იმის შესახებ, რომ საქართველო იმსახურებს საკუთარი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე:

„ევროკავშირიდანაც მოდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. ანუ, იმედი შეიძლება, შევინარჩუნოთ. მაგრამ ამ გადამწყვეტ მომენტში გთავაზობთ ერთიანობას, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ასევე გთავაზობთ, 16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა – დავინახოთ ჩვენი თავი და ევროპას ვანახოთ ჩვენი ერთობა“.

ზურაბიშვილის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S