
რუსული გაზისგან ევროპის ჩახსნა: აზერბაიჯანის პოტენციალი და საქართველოს ინტერესები
05/05/2022 13:25:43 ანალიზი
ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის გაჩაღების საპასუხოდ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლი, მათ შორის, რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების დაშანტაჟებას შეუდგა, – სწორედ ამგვარად აღიქვამენ ევროკავშირში ჯერ გაზის „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ მხოლოდ რუბლში მიყიდვის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამ რესურსის ბულგარეთისა და პოლონეთისთვის მიწოდების შეწყვეტას.
სადღეისოდ ევროკავშირის მოხმარების დაახლოებით 40% რუსულ გაზზე მოდის, თუმცა მასზე დამოკიდებულება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, რაც ართულებს რუსეთისთვის უდიდესი ფინანსური სარგებლის მიღების ამ მნიშვნელოვანი არხის სწრაფად გადაკეტვას და ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების ერთიანობის მიღწევას.
„ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით. შეიძლება, ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუხდით პუტინს ენერგიისთვის, რომლითაც გვამარაგებს. ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მათ 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ამას 1 მილიარდი, რომელიც უკრაინას მივეცით შეიარაღებაში - ეს გიგანტური სხვაობაა“,– განაცხადა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეფ ბორელმა რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე საუბრისას.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების მრავალწლიანი პრინციპის – სრული კონსენსუსის გადახედვის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
ამასთანავე, ევროპულმა ქვეყნებმა ალტერნატიული წყაროების აქტიურად მოძიება დაიწყეს და გაჩნდა, მათ შორის, ინტერესი აზერბაიჯანული გაზის მიმართ.
„ევროპული ქვეყნები აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგების ინტერესს გმოხატავენ”- განაცხადა ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მსგავს პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ენგინ ოზერიც:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ საექსპორტო პოტენციალის გამოყენება, რომელიც აზერბაიჯანს გააჩნია - წელიწადში ექსპორტის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ევროპული ქვეყნები სერიოზულად არიან დაინტერესებული აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდით და რუსული გაზის ჩანაცვლებით. დღეს ევროპა 40%-ით დამოკიდებულია რუსულ გაზზე, 20%-მდე - ნორვეგიულ გაზზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდის. ვხედავთ, რომ ერთ წყაროზე დამოკიდებულება დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან რთულია. ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს. ჩვენს გარდა, არიან ასევე თურქმენეთი და უზბეკეთი. მათი გაზის მიწოდება ევროპაში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შეიძლება. ამგვარად, აზერბაიჯანის როლი ენერგეტიკულ სექტორში გაიზრდება და ჩვენი ქვეყანა ევროპასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე გადავა”.
აზერბაიჯანის პოტენციალი და საქართველოს ინტერესები
ენერგეტიკოსი გია არაბიძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ საქართველოზე გამავალ სამხრეთკავკასიურ გაზსადენს საპროექტო მნიშვნელობით, 20 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის გატარების შესაძლებლობა აქვს. ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სადღაც 3–4 წლის წინ 7–8 მილიარდი გადიოდა, გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
„ამ გაზსადენს უკვე შარშან ჩაება TANAP [მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის]. შედეგად სამხრეთკავკასიური დერეფნით გაზი შედის საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში. შარშანდელი განაწილება ასეთი იყო: ჯამში გავიდა 8 მილიარდამდე კუბური მეტრი, აქედან 6,7 მილიარდი მიიღო იტალიამ, დანარჩენი - საბერძნეთმა და ალბანეთმა. თუ გატარებული გაზის მოცულობა 20 მილიარდამდე გაიზრდება, ევროპას ჩვენი მიმართულებიდან გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაეზრდება“.
ენერგეტიკოსი კიდევ ერთ შესაძლებლობაზე და მასში საქართველოს ინტერესზეც ამახვილებს ყურადღებას:
„საუკუნის დასაწყისში არსებობდა პროექტი „ნაბუქო“, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს „ებმებოდა“ თურქმენეთი და ეს რუსული მიწოდებების ძალზე სერიოზული ალტერნატივა ხდებოდა. მაგრამ მაშინ რუსებმა იმდენი შეძლეს, რომ ევროპას პროექტის დაფინანსება გადააფიქრებინეს და ის ფაქტობრივად, აზერბაიჯანში დასრულდა. დღეს არის საშუალებები, ყაზახეთიც და თურქმენეთიც „ჩაებან“ პროექტში – მივიდნენ [შესაბამისი ინფრასტრუქტურით] კასპიის ზღვამდე და შემდეგ სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს შემოუერთდნენ. დაგეგმილია, რომ დაახლოებით 30 მილიარდამდე გაიზარდოს ამ გაზსადენის მიერ გატარებული გაზის მოცულობა. ამას ცხადია, უამრავი სამუშაო დასჭირდება, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობა არსებობს. ეს ძალიან კარგი ციფრია, მათ შორის - საქართველოსთვისაც: ჩვენ მართვაში ჩაბმულები არ ვართ, მაგრამ გამტარები ვართ და რაც მეტი გაზი გაივლის, მით მეტი დაგვრჩება გატარების საფასურად. წლევანდელი ბალანსი ასეთია: მოხმარება 2,7 მილიარდ კუბურ მეტრამდეა – „სოციალური გაზი“ (დაბალფასიანი, რომლის კონტრაქტსაც ვადა 2026 წლამდე აქვს), აგრეთვე გატარების 5%, რომელიც ჩვენთან მოდის, – შარშან 1 მილიარდი იყო, წელს კი 1 მილიარდ 200 მილიონამდე გაიზარდა. რაც მეტი გაივლის, ქვეყანას მეტი რჩება".
რუსული გაზის ჩანაცვლების შესაძლებლობა
არაბიძე იხსენებს, რომ გასულ წელს ევროპამ 150 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი მოიხმარა, რაც ევროპის მოხმარების დაახლოებით 40%–ია და რუსეთის მიერ გაყიდულის 70%.
„ბუნებრივია, სამხრეთ კავკასიური გაზსადენი რუსული გაზის მოხმარებას მთლიანად ვერ ჩახსნის, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი გეგმა დასახა:
- გერმანიამ, რომელიც დაახლოებით 47 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მოიხმარს (55%–ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე), შეძლო, რომ ეს დამოკიდებულება 35%–მდე ჩამოეყვანა. ევროპაში მიწოდებული გაზის 30% ელექტროენერგიის გამომუშავებას ხმარდება, ამიტომ მათ ბალანსი შეცვალეს, მაქსიმალურად გამოათავისუფლეს გაზი ელექტროენერგიის წარმოებისგან და ძირითადად მოსახლეობის მოხმარებისთვის დატოვეს. გერმანიას სერიოზული გეგმა აქვს: ყატართან გააფორმა მსხვილი ხელშეკრულება თხევადი გაზის მიწოდების თაობაზე. 3 მილიარდი ევრო გამოყო გემების დასაქირავებლად, რომლებიც ქვეყანაში თხევად გაზს შეიტანენ. ცხადია, თხევადი გაზის აირად გადაქცევაა საჭირო, რათა ის მოსახლეობას მიეწოდოს. სამწუხაროდ, გერმანიას ტერმინალი არ გააჩნია, ამიტომ სასწრაფო მშენებლობა დაიწყო და ამბობს, „10 თვეში დავასრულებ, დავიწყებ თხევადი გაზის მიღებას და მალე რუსეთისგან გავთავისუფლდებიო“.
- რუსული გაზის კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი იტალიაა 38%–იანი დამოკიდებულებით. მაგრამ დაიწყო ესპანეთისა და იტალიის გაზსადენების მშენებლობა: ესპანეთს თხევადი გაზის მისაღები ინფრასტრუქტურა ყველაზე უკეთ აქვს განვითარებული, ასევე საუბრობს კონგოსთან, პლუს - სამხრეთ კავკასიური მილსადენი და ქვეყანა ბალანსირებას კარგად შეძლებს.
- ყველაზე დიდი მომხმარებელი ავსტრიაა – დაახლოებით 80%–ითაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა მერყევი და გაუგებარია ამ მიმართულებით.
- პოლონეთმა რუსული გაზისგან თავი მთლიანად გაითავისუფლა – მაისიდან ლიეტუვიდან დაიწყებს გაზის მიღებას. ამასთან, ოქტომბრისთვის ბალტიის ფსკერით ნორვეგიიდან პოლონეთში გაზის შეყვანა უნდა დაიწყოს; ქვეყანას აქვს თავისი გაზიც და ასევე აქვს ძალიან კარგი ტერმინალები თხევადი გაზის შესანახად, აქვს გაზსაცავები, რომელიც სადღეისოდ თითქმის 80%–ით დატვირთულია.
- რაც შეეხება ბულგარეთს, ქვეყანას სამხრეთკავკასიური გაზსადენიდან ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა მიეღო 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მაგრამ აქაც რუსული ჩარევით გაჩერდა საბერძნეთ–ბულგარეთის გაზსადენის მშენებლობა, ახლა კი პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით აღდგა და დასრულებასაც მალე ელიან“.
ექსპერტი ასკვნის, რომ ევროპაში ძალიან სწრაფი ტემპით მიდის მუშაობა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რუსული ენერგორესურსების მოხმარება, თუმცა სანქციების მოქმედებას, რომელიც აუცილებლად მიაღწევს მიზანს, გარკვეული დრო სჭირდება:
„აქამდეც მოგვარდებოდა ეს საკითხი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „გაზპრომმა“ გასული წლის სექტემბრიდან ბაზარზე დიდი დეფიციტის ხელოვნურად შექმნა შეძლო, რამაც სავაჭრო პლატფორმებზე ფასი გაზარდა და კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ 1/3–ით აქვს ევროპისთვის გაზის მიწოდება შემცირებული (და კიდევ 50 მილიარდით შემცირებაზე საუბრობს), გაცილებით მეტი მოგება დარჩა. სწორედ ეს პრობლემა დგას მძიმედ. ეს არის „უსისხლო ომი“, რომელიც დღეს ევროპაში მიდის“.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოსთვის რუსეთის ენერგორესურსების მოხმარების თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ, რუსეთისთვის არასახარბიელო სურათს მივიღებთ:
„ნახშირის მიღება გაჩერდა, აგვისტოდან ნავთობის გატანაც გაჩერდება. გარდა ამისა, ზუსტად იგივე „ნაბუქო“ არ გაკეთდება, მაგრამ იდეოლოგია – ევროპის გაზი წამოსულიყო აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, ისევ ამოტივტივდება ზედაპირზე და თუ ევროპა შეინარჩუნებს არსებულ პოზიციას - რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ალტერნატიული წყაროები ნამდვილად არსებობს, მათ შორის - ნორვეგიის რესურსის გათვალისწინებით“.