
კადიროვმა პუტინის ომში „მოხალისეთა მორიგი კოლონის“ გაგზავნის შესახებ განაცხადა
22/03/2022 10:13:34 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გროზნოდან უკრაინაში „მოხალისეთამორიგი კოლონის“ გაგზავნის შესახებ განაცხადა.
მის მიერ Telegram–არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს შეიარაღებული და მებრძოლებით დაკომპლექტებული ათობით მანქანა. თუმცა არც მათი ზუსტი რაოდენობა და არც კოლონის გროზნოდან გამგზავრების თარიღი ცნობილი არაა.
კადიროვმა მხოლოდ ის თქვა, რომ ე.წ. მოხალისეებს გამგზავრებისას სიტყვით მიმართეს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა და რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა აბუზაიდ ვისმურადოვმა (ორივე ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან).
კადიროვი თავის Telegram–არხზე თითქმის ყოველდღე აქვეყნებს ვიდეოებს უკრაინის ომის შესახებ.
ერთი დღით ადრე მან ქვეყანაში მორიგი „მოხალისეთა ბატალიონის“ ჩამოსვლის შესახებ განაცხადა, რომლებსაც ადგილზე დახვდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვი. კადიროვს არ უსაუბრია მებრძოლების ზუსტი რაოდენობს, მომზადების დონისა და გაწვევის პირობების შესახებ.
4 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან ქვეყანაში ჩეჩნეთიდან 1200–კაციანი რაზმი ჩავიდა.
მასში შედიოდა სამხედრო ბატალიონები „ჩრდილოეთი“, „სამხრეთი“ და ომონ „ახმატ-გროზნი“. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დანიილ მარტინოვი – რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანაშემწე ძალოვანი ბლოკის მიმართულებით.
ჩეჩნეთის ხელისუფლება უკრაინაში დანაკარგების შესახებ ცნობებს არ ავრცელებს. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ სამი პირის დაღუპვის შესახებ, თუმცა განსხვავებული მონაცემები ვრცელდება უკრაინის გენშტაბის მიერ. საუბარია ასობით დაღუპულზე.
იხილეთ ასევე:
„ზოგს ოთხი შვილი ჰყავს დაღუპული“: პუტინის ომში ჩრდილოეთ კავკასიელი ჯარისკაცები იღუპებიან
დუდაევის ბატალიონის მეთაური ადასტურებს, რომ „კადიროველებს“ რუსი სამხედროების შემაკავებლად იყენებენ