
„ზოგს ოთხი შვილი ჰყავს დაღუპული“: პუტინის ომში ჩრდილოეთ კავკასიელი ჯარისკაცები იღუპებიან
18/03/2022 14:07:44 კავკასია
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საერთო რაოდენობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ - 2 მარტს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 498 რუს სამხედროზე. თუმცა, Кавказ.Реалии-ს ცნობით, რეალური მაჩვენებელი მრავალჯერ მეტია.
კერძოდ, პორტალის მონაცემებით, მხოლოდ დაღესტნიდან უკრაინაში გადასროლილი 130 სამხედრო დაიღუპა და ეს მაჩვენებელი გამოცემას დაუდასტურეს როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა, ისე ადგილობრივმა სამხედრო მოსამსახურეებმა. თუმცა განმარტავენ, რომ საუბარია მხოლოდ კონტრაქტორებზე, რადგან წვევამდელების შესახებ არაფერია ცნობილი.
გამოცემისთვის 18 მარტის მდგომარეობით, ჩრდილოეთ კავკასიის 147 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ვინაობა ცნობილია, თუმცა სია ყოველდღიურად ახლდება. დაღესტანი ნამდვილად ლიდერობს დაკრძალული ჯარისკაცების რაოდენობით. თუმცა, მაგალითად, ჩეჩნეთში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ ორი სამხედროს გარდაცვალების ფაქტი გამოცხადდა, პორტალის წყაროების ცნობით, პანაშვიდები თითქმის ყოველდღიურად იმართება რესპუბლიკის ყველა რაიონში.
"რუსეთის მიერ წარმოებული სხვა ომების გამოცდილებიდან გამომდინარე, უკრაინაში გარდაცვლილთა რაოდენობა ათჯერ არის შემცირებული, თუ მეტჯერ არა. ეს აქსიომაა“,– ამბობს ჩეჩენი პოლიტოლოგი რუსლან კუტაევი.
ის ომის პირველივე დღეებიდან იყო დარწმუნებული, რომ მსხვერპლი დიდი იქნებოდა დიდი ტერიტორიის გამო, სადაც რუსეთი შეიჭრა და ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ჩეჩნეთიდან მხოლოდ ორი პირი არ გარდაცვლილა“:
„ზოგს ორი, ზოგს ოთხი შვილი ჰყავს დაღუპული. ისინი ოჯახებით გაგზავნეს: თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული ხარ, ოჯახის ყველა ვაჟი სტრუქტურებში მსახურობს. მეორეს მხრივ, მოდის ინფორმაცია, რომ კოლონებით ხოცავენ ჩეჩნებს, მაგრამ ესეც არაა სიმართლე. ცხედრები ალბათ ბელარუსშია და მათ, ისევე როგორც ჩეჩნეთის ომის დროს, შეძლებისდაგვარად არ გამოაჩენენ, რადგან შემდეგ მობილიზაციის პრობლემა იქნება. მაგრამ 500–1000–კაციანი კოლონებიც არ დაუხოცავთ. ათეულობით – კი, შესაძლოა, ასეულობითაც".
ორგანიზაცია "დაღესტნელი დედები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი სვეტლანა ისაევა ამბობს, დაღუპულთა შესახებ მონაცემები მიუწვდომელია, მათ შორის უფლებადამცველებისთვის:
"ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებაა ცნობილი, მაგრამ ხალხისგან ძალიან განსხვავებული ინფორმაცია გვესმის. მაგალითად, დღეს მითხრეს, რომ მხოლოდ ერთ რაიონში ხუთი პირი დაკრძალეს“.