
რუსეთმა ხვალისთვის "სტრატეგიული ძალების" მონაწილეობით ახალი წვრთნები დააანონსა
18/02/2022 09:20:41 მსოფლიო
რუსეთმა "სტრატეგიული ძალების" მონაწილეობით ახალი წვრთნები დააანონსა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები შაბათს გაიმართება და მას ზედამხედველობას პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი გაუწევს.
თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნებში ჩაერთვებიან საჰაერო–კოსმოსური ძალები, სამხრეთ სამხედრო ოლქი, სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტები.
"მანევრების დროს გავუშვებთ ბალისტიკურ და საკრუიზო რაკეტებს", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: 15 თებერვალს რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა დასავლეთის ცნობით, აღნიშნულის მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავენ.
გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.