
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „თავდაცვის მინისტრად“ რუსი გენერალ-ლეიტენანტი დაინიშნა
02/06/2025 17:27:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, საკადრო ცვლილების ფარგლებში „თავდაცვის მინისტრად“ რუსეთის სამხედრო მოსამსახურე იური იაროვიცკი დანიშნა, ხოლო მის პირველ მოადგილედ ინალ საბანოვი, რომელიც მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ღია წყაროების თანახმად, იური იაროვიცკი 1965 წლის 27 მაისს დაიბადა ტაშკენტში. 1987 წელს დაამთავრა ტაშკენტის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი. რუსეთის არმიაში შტაბის უფროსის პოზიცია ეკავა, იყო დასავლეთ სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის მეთაურის პირველი მოადგილე (2014-2016 წლებში), იყო ბალტიის ფლოტის სანაპირო ძალების მე-11 არმიის კორპუსის მეთაური (2016-2020 წლებში ). 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა სირიაში ოპერაციისთვის. 2019 წლის თებერვალში მას გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. 2020 წლის აგვისტოდან ნიკარაგუაში მთავარ სამხედრო მრჩევლად მუშაობდა.
თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „თავდაცვის მინისტრის“ პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრ მიხაილოვი. პოლკოვნიკი ვადიმ ტაბუევი დაინიშნა „თავდაცვის მინისტრის მოადგილედ“ ლოგისტიკის საკითხებში, ხოლო პოლკოვნიკი ახსარ ჯიოევი „მინისტრის მოადგილედ პირად შემადგენლობასთან“ მუშაობის მიმართულებით.
2024 წლის აპრილში გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ.თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი გათავისუფლების არაოფიციალური მიზეზი თამბაქოს კონტრაბანდა გახდა.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ტომას ჯიგკაევი. პროფესიით ქირურგი ჯიგკაევი, რომელიც რუსეთის კლინიკებში მუშაობდა, „ჯანდაცვის მინისტრად“ 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მიმდინარე წლის აპრილში გაგლოევმა ის „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილობის“ გამო გააკრიტიკა. გაგლოევის პრესსამსახურის ცნობით, „ჯანდაცვის მინისტრის“ მოვალეობების შემსრულებლად ალა ჩოჩიევა დანიშნა, რომელსაც მანამდე „მინისტრის პირველი მოადგილის“ პოსტი ეკავა.
გარდა ამისა, გაგლოევმა „სოფლის მეურნეობის მინისტრად“, ვახტანგ მამიტოვი დანიშნა და ხელი მოაწერა „სახელმწიფო მრჩევლის“ ვიაჩესლავ გობოზოვის თანამდებობიდან გაათავისუფლების ბრძანებას.