Accentnews.ge
HRHT საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი შეთანხმება

HRHT საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი შეთანხმება

14/08/2021 18:00:06 პოლიტიკა

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”(HRHT) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ აამოქმედოს ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება.

საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობას ეხება. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.

HRHT–ს ცნობით, დოკუმენტი ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებ–საიტზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში ის ძალაში შევიდა.

"დოკუმენტი ჯერ–ჯერობით არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე, შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია. თუმცა, არსებობს 2022 წლის 6 აგვისტოს დადენილება, რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას და მის ასამოქმედებლად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.

[...] მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია. ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ადამიანის უფლებათა სახლი, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მოგვმართონ სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში", – აცხადებენ HRHT–ში.

როგორც HRHT–ში აღნიშნავენ, შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარუად გაცვლონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას.

"ერთ წელიწადზე მეტია, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს არალეგიტიმურად შეჯამებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი კოორდინირებული და უწყვეტი შეტევა მოჰყვა მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, ბელარუსში 631 ადამიანია მიჩნეული პოლიტიკური პატიმრად.

2021 წლის 23 მაისის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეაცვლევინა გეზი და ჟურნალისტი დააკავა, საჰაერო სივრცეში დაწესებული სანქციების გამო, საქართველო იმ მცირე ქვეყნებს შორის დარჩა, სადაც ბელარუსიდან დევნილებს გამომგზავრება და თავის შეფარება შეუძლიათ.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებს, რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და წყვეტს თანამშრომლობას მოქმედ რეჟიმთან", – აცხადებენ HRHT–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S