Accentnews.ge
თავშესაფრის ძიებაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველო  დისიდენტებისთვის?

თავშესაფრის ძიებაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველო  დისიდენტებისთვის?

04/08/2021 13:25:37 პოლიტიკა, ანალიზი

საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერის ჰუსეინ ბაკიჰანოვის ცხედარი თბილისში ჩამოსულ ძმას გადასცეს. ბაკიჰანოვი დაკრძალეს ისე, რომ ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება საქმესთან დაკავშირებული მთელი რიგი გარემოებები: ვინ დაესხა გარდაცვალებამდე ორიოდე დღით ადრე მას თავს და რა მოტივით? ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან კავშირში? მოკლეს თუ თავი მოიკლა? რატომ უნდა გადაეწყვიტა კაცს თვითმკვლელობა, რომელიც, როგორც მისი მეგობრები საუბრობენ, მომავლის გეგმებს აწყობდა, მათ შორის, ელოდა თავშესაფარს საქართველოში? ვის ესაუბრა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაკიჰანოვს? რამდენად რეალურია მეგობრების მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ ბაკიჰანოვს ალიევთან დაკავშირებული პირები გერმანიაში „ჯაშუშის“ რანგში გამგზავრებას აიძულებდნენ?

ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა ოჯახს მსგავსი კითხვები (თბილისში ჩამოსულმა ძმამ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია არ ისურვა), თუმცა ბლოგერის მეგობრები შიშობენ, რომ ალიევის რეჟიმი ბაკიჰანოვის ოჯახის წევრებს გარდაცვლილის თანამოაზრეების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.

უშუალოდ გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ბევრისთვის არადამაჯერებლად ჟღერს, განსაკუთრებით – იმ ფონზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრია, მათ შორის – ტრაგიკული დასასრულით მათთვის, ვინც ცდილობს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მომავალ საფრთხეს უცხოეთში დააღწიოს თავი, გახშირდა „უცნაური“ მოვლენებიც: ცნობილმა აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომელმაც თავის დროზე ჰეიდარ ალიევის ძეგლს რიგი ლოზუნგები წააწერა, ზღვაში თითქოსდა ფეხსაცმელი დაკარგა და მის საძებნად ჩასული დაიხრჩო. საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. საფრანგეთში კი ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი სცემეს და დაჭრეს. აშშ–ში ჟურნალისტის ესვინჯ ოსმანგიზის მანქანას გაურკვეველი მიზეზით მუხრუჭები აღმოაჩნდა გაუმართავი და ავტომანქანაში ბავშვებთან ერთად მჯდომი, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობით გადაურჩა ავარიას.

უსაფრთხოების თვალსაზრისით გამონაკლისი საქართველო ნამდვილად არ აღმოჩნდა: თუ მანამდე აზერბაიჯანელი აქტივისტები თბილისში თვალთვალზე, შევიწროებაზე და ამ ეპიზოდების არასათანადო გამოძიებაზე საუბრობდნენ, გაჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საეჭვო ვითარებაში „გაუჩინარების“ მძიმე „ქეისიც“, რომელზეც პასუხი გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია.

“ე.წ. ჩეჩნური შემთხვევებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანული ვარიანტები უფრო “დახვეწილია”: მოვლენები თითქოს თავისთავად ხდება და არა ისე, რომ ვიღაც სადღაც შედიოდეს და მსხვერპლს ყველას თვალწინ თავში ესროდეს… ეს ყველაფერი ძალიან გახშირდა. შედეგად აზერბაიჯანში ძალიან ძლიერია თვითცენზურა: არ ვამბობ, რომ ქვეყნის შიგნით ყველა დუმს, მაგრამ ისინიც კი, ვინც ხმას იღებენ, ამას გარკვეული შიშით აკეთებენ - მაგალითად, დაფინანსების შეწყვეტის, ან მედიასაშუალების სულაც დახურვის შიშით. აი უცხოეთში გასულები კი ზოგჯერ “სცდებიან ზღვარს”, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს დაწესებული. ბაქოდან მომდინარე პირდაპირი საფრთხე მათთვის უცხოეთში თითქოს არაა, თუმცა იგი სრულიად რეალურია” – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ აქტივისტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ცნობილი ჟურნალისტი რაუფ მირქადიროვი, რომელმაც უკვე განვლო პოლიტემიგრანტის გრძელი გზა თურქეთიდან ექსტრადირების შემდეგ ბაქოს ციხიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მიღებამდე, ცოტა ხნის წინ კი ბაკიჰანოვის თვითმკვლელობის ვერსიისადმი სკეპტიკური განწყობა Facebook-პოსტში დააფიქსირა.

თვალთვალის, დევნის, თავდასხმის პრაქტიკა საქართველოში

მსგავს პრობლემებზე „აქცენტთან“ ინტერვიუში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარე არიფ ჰაჯილიც საუბრობდა, რომელიც პერიოდულად სტუმრობს თბილისს და მართავს შეხვედრებს:

„ყველგან მითვალთვალებდნენ, მათ შორის – სასტუმროში, დრონიც ჩართეს ამ საქმეში – თავს დამტრიალებდა“

როგორც „აქცენტთან“ ორგანიზაცია „სალამის“ დამფუძნებელი ქამრან მამმადლი იხსენებს, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო რეგიონში დემოკრატიის ჰაბად განიხილებოდა, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებიდან თავიანთი ხელისუფლებების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულები გამო დევნილ მოქალაქეებს საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელება შეეძლოთ, თუმცა ბოლო პერიოდში მიდგომები შეიცვალა, შესაბამისად, საქართველო მოლოდინებს აღარ ამართლებს:

„საქართველოში ჩამოსულები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ აქ თავისუფლად მუშაობა აღარ შეუძლიათ და ქვეყანას ტოვებენ, დასავლეთის ქვეყნებში მიემგზავრებიან“.

რა შეიცვალა 2016 წლიდან?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე „აქცენტთან“ აღნიშნავს საქართველოში აქტივისტების შევიწროების პრაქტიკა განსაკუთრებით 2016 წლიდან ხდება შესამჩნევი და მას უშუალოდ ალიევის პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს:

2016 წლიდან სამოქალაქო აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ თავად ალიევის მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა, რამდენიმე თვეში კი ეს ტენდენცია საქართველოშიც გადმოვიდა: ერთის მხრივ, ჩანს ტენდენცია, როდესაც რეპრესიული პრაქტიკის გამო აზერბაიჯანელი დისიდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში გადმოდის (მათთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა იყო, სადაც საქმიანობას უსაფრთხოდ გააგრძელებდნენ და ნათესავებთან კავშირს შეინარჩუნებდნენ), თუმცა მალევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ მნიშვნელოვან ნაწილს უარი უთხრა თავშესაფარზე, ან თუნდაც, ბინადრობის ნებართვაზე. ამავდროულად, ზოგიერთი დისიდენტი საუბრობს თბილისის ქუჩებში მათი თვალთვალის, შევიწროების და ძალადობის პრაქტიკებზე, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებათ, თუმცა ფაქტები გამოძიების მიერ სათანადოდ შესწავლილი არ იყო. საინტერესო იყო ისიც, რომ აქტივისტებს, რომელთაც პრობლემების შემდეგ საქართველო დატოვეს, ქვეყანაში აღარ უშვებდნენ“.

ჯამში, ამგვარი ინციდენტებით „გამდიდრებული“ პრაქტიკა უფლებადამცველს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, რის გამოც დისიდენტების უსაფრთხო გარემოს, სამართლებრივი გარანტიების შექმნის ვალდებულება არ შეასრულა და ამით მან რეგიონში დემოკრატიული აქტორის მოლოდინის შექმნაზეც თქვა უარი:

„მივიღეთ პრაქტიკა, რომ დიდმა ნაწილმა (აფგან მუხთარლის საქმე იყო მათთვის წყალგამყოფი ამ მიმართულებით) საქართველო დატოვა და დღეს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. ისინი ჩვენთან ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ მათთვის აქ ყოფნა იყო მნიშვნელოვანი, რადგან აზერბაიჯანთან ახლო კონტაქტს შეინარჩუნებდნენ, მათ შორის – ნათესავებთან, მაგრამ საქართველომ მოლოდინები არ გაამართლა“.

ჟურნალისტი რაუფ მირქადიროვი კი კონკრეტულ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას:

“საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ძლიერაა დამოკიდებული აზერბაიჯანზე. უპირველესად, თბილისში აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანული ბიზნესი, ტრიალებს საკმაოდ დიდი ფული. და მე მხოლოდ ლეგალური ბიზნესი, ან საქართველოსთვის ენერგომატარებლების მიწოდება არ მაქვს მხედველობაში. საქართველოს გავლით საქონლის არალეგალური ტრანზიტიც წარმოებს, რომელშიც, ჩემი აზრით, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული ელიტის წარმომადგენლები არიან ჩართულები. ანუ, ეს საკმაოდ მძლავრი კოოპერაციაა”.

„არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს!“

საქართველოში თავშესაფარს რუსეთიდან დევნილებიც ეძებენ. ამის შესახებ პუბლიკაცია „აქცენტის“ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, თუმცა, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, უამრავი მკაფიო ანგარიშის ხელმისაწვდომობისა რუსეთში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ირკვევა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება არ აღმოჩნდა: საჯარო წყაროების თანახმად, მხოლოდ გასულ წელს თბილისმა მოსკოვს 10 პირი გადასცა (მათ შორის, დარღვეულია აქამდე არსებული პრაქტიკა ჩრდილოეთ კავკასიელების ექსტრადიციისგან თავშეკავების თაობაზე), ხოლო 2013–2019 წლებში, მიქელაძის ცნობით,რომელიც თავის მხრივ იუსტიციის სამინისტროს ეყრდნობა, რუსეთმა 23 პირის გადაცემა მოითხოვა, მათგან 14 შემთხვევაში საქართველომ თანხმობა განაცხადა.

ბოლო წლებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის – რუსეთსა და თურქეთში ექსტრადიციის პრაქტიკები სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეაფასა.

„სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით არ აქვს არანაირი შეზღუდვები, წითელი ხაზები: ძალიან მარტივად, უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი უშვებს ექსტრადიციას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირები უთითებენ რუსეთის ციხეებში წამების, დევნის, ჯანდაცვის რისკებზე. საინტერესოა, რომ ჩვენი სასამართლოები ვერ უზრუნველყოფენ ეფექტურ კონტროლს პროკურატურის გადაწყვეტილებებზე და ძალიან ხშირად, რუსეთის ფედერაციაში ან თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას (მათ შორის – პენიტენციარულ სისტემაში), სათანადოდ არ აფასებენ“,– ამბობს „აქცენტთან“ მიქელაძე და იქცე დასძენს, რომ ექსტრადიციის მოპოვებული სტატისტიკა „შემაშფოთებელია და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს ატარებს“.

უფლებადამცველი თბილისის „უცნაური“ დამოკიდებულების პრობლემურობაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის – პოლიტიკური, უფლებრივი და მორალური თვალსაზრისით:

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ „რუსეთის ფედერაციისგან იღებს დიპლომატიურ გარანტიებს, რომ ამ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ექნება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპები იქნება დაცული“ – რაც არასერიოზულია, პირველ რიგში, პოლიტიკურად: როგორ შეიძლება, ოკუპაციის გამოცდილების მქონე ქვეყანამ დაუშვას, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გარანტიებს შეასრულებს, როდესაც, იგივე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება არაა შესრულებული?! რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება პრობლემურია უფლებრივი მიმართულებითაც: საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან, არ გააჩნია მათ მიერ გაცემული გარანტების გაკონტროლების მექანიზმი. ექსტრადირებული პირები და მათი ადვოკატები კი საუბრობენ მძიმე მოპყრობაზე. რთულია მორალურადაც: ქვეყანა რუსეთთან პოლიტიკის დარბილების ხარჯზე წირავს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“,– ამბობს მიქელაძე და იქცე დასძენს“ „ადამიანური, მორალური ფაქტორი მთავარი, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა, თუ რას მოასწავებს მსგავსი პოლიტიკა საგარეო პოლიტიკური პერსპექტივიდან?!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S