Accentnews.ge
“ვარ რუსეთიდან, მაგრამ პუტინის წინააღმდეგ” - რატომ გარბიან რუსეთიდან საქართველოში

“ვარ რუსეთიდან, მაგრამ პუტინის წინააღმდეგ” - რატომ გარბიან რუსეთიდან საქართველოში

31/07/2021 13:08:17 საზოგადოება

საქართველოში, ლიტვასა და უკრაინაში ამჟამად რუსეთიდან გაქცეული ასობით პოლიტემიგრანტი ცხოვრობს. მათ შორის არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები. რამ აიძულათ ისინი, სამშობლო დაეტოვებინათ და როგორ გრძნობენ თავს საქართველოში?

პორტალი “Настоящее время” ჟურნალისტ ნატალია ზუბკოვას ისტორიას მოგვითხრობს. გამოცემის “საღამოს კისელიოვსკი” მთავარი რედაქტორი რეგულარულად აშუქებდა კუზბასის ეკოლოგიურ პრობლემებსა და ხელისუფლებისთვის არასასურველ სხვა თემებს. ჩხრეკის, ფიზიკური განადგურების, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ შვილის წართმევის მუქარებისა და ზეწოლის სხვა მეთოდების გამოყენების შემდეგ მან მოზარდ ქალიშვილთან ერთად კემეროვოს ოლქის მშობლიურ ქალაქ კისელიოვსკიდან ეკატერინბურგში გადაინაცვლა, თუმცა არც იქ მოასვენეს: მის წინააღმდეგ მთელი კამპანია წარმოებდა, საგანგებოდ ქმნიდნენ სოცქსელებში ჯგუფებს, რათა ნატალიას სტატიებისა და პირადად მისი მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ. ერთ საღამოს კი ქუჩაში მიმავალს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, მიწაზე დააგდო და დაემუქრა: “თუ ხმას კიდევ ერთხელ მაინც ამოიღებ, ორივე შვილს დაემშვიდობეო”. ადგილობრივი პოლიცია ჟურნალისტის ყველა საჩივარს რეაგირების გარეშე ტოვებდა. საბოლოოდ ნატალიამ ქალიშვილთან ერთად საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მისი მეუღლის “დამუშავებაც” შეძლო – და ოჯახი გაიყო.

ამჟამად საქართველოში მცხოვრები ნატალია ქალიშვილის სკოლაში მოწყობაზე ზრუნავს. საქმეს საბუთების არქონა ართულებს: რუსეთიდან სასწრაფოდ გამოქცეულმა, შვილის იქაური სკოლიდან შესაბამისი საბუთების გატანა ვერ მოასწრო.

საქართველოდან ნატალია წერას აგრძელებს: ასრულებს მორიგ სტატიას კუზბასის ეკოლოგიური პრობლემების თაობაზე და პარალელურად კოლეგებს მედიის წარმომადგენლების, ეკოლოგებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდევნელთა “შავი სიის” შედგენაში ეხმარება.

როგორც “Настоящее время” აღნიშნავს, ”სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული 100-მდე პოლიტმიგრანტი იმყოფება. რუსეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ფარგლებს გარეთ გაუსვლელად 360 დღე-ღამის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა. მთავარი პრობლემა აქ მათთვის სამუშაო ადგილია: უმრავლესობას უწევს, სამსახური კვლავ რუსეთში ეძებოს და საქართველოდან დისტანციურად იმუშავოს.

“რადიო თავისუფლება” კი ფემინისტური მოძრაობა “Pussy Riot”-ის თბილისში ჩამოსულ წევრებთან და მათ მეგობარ მხატვართან ინტერვიუს გვთავაზობს. რუსი ახალგაზრდები თავისი შემოქმედებით ხელისუფლების ქმედებებს წლების განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდნენ და ამის გამო პუტინის რეჟიმის მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლად იქცნენ.

ნიკა შეეცადა, პუტინისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაეფუჭებინა, საშამ მისთვის დაბადების დღის ჩაშხამება სცადა. რომა კი თავისი “ექსტრემისტული” ნახატებით პოლიციურ რეპრესიებს ამხელდა. ახლა თბილისში არიან. საქართველოში მოუწიათ გამოქცევა, რათა მორიგი დაკავებებისთვის, ძალადობისა და სიძულვილისთვის აერიდებინათ თავი.

რ.თ.: რატომ აირჩიეთ საქართველო?

ვერონიკა ნიკულშინა: ერთი დღეც არ გვიფიქრია იმაზე, სად ვისურვებდით წასვლას. ბილეთები გვიყიდეს და სპეციზოლატორის კარიდან მანქანით პირდაპირ აეროპორტში წავედით.

რ.თ.: საქართველოში თუ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ თბილისის 5 ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ?

ალექსანდრე სოფეევი: რუსეთის შემდეგ თავს ალბათ, ყველგან უსაფრთხოდ ვიგრძნობ. ერთია ჰიპოთეტიური საფრთხე და მეორე, როცა მანქანებით დაგყვებიან, გითვალთვალებენ, უმიზეზოდ გაკავებენ და გაპატიმრებენ…

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებს, ჩემთვის თავად ამ მოვლენებზე უფრო შთამბეჭდავი ის იყო, რაც შემდეგ მოხდა – ის, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა საპროტესტოდ, მათ შორის – ცისარტყელას დროშებით. რა თქმა უნდა, მსურს, უკეთ გავეცნო აქაურ თემს, გავიგო, რა ხდება მის შიგნით და ა.შ., თუმცა მთლიანობაში, რასაც ვაკვირდები, საქართველოში თავად საზოგადოება ჰომოფობიური სულაც არაა…

ვერონიკა ნიკულშინა: საქართველოში ვხედავთ თავისუფალ მოქალაქეებს, რომელთაც ისე აცვიათ, როგორც სურთ, ისე გამოიყურებიან, როგორც სურთ და ა.შ. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ აქ არ ვიქნები დევნის ობიექტი ტატუების, პირსინგის, მუხლსზემოთ კაბის თუ შორტის და სხვა მსგავსი მიზეზების გამო…

რ.თ.: როგორც რუსეთის მოქალაქეები, გრძნობთ თუ არა საქართველოში პასუხისგებლობას თქვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გამო?

ვერონიკა ნიკულშინა: ვინაიდან არ ვასოცირებ საკუთარ თავს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც მსგავს საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს, ანუ როგორც კონკრეტული მოქალაქე, რომელიც არ ვეთანხმები ამ პოლიტიკას, პირად პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. ჩვენ ხომ რუსეთში დაბადება არ აგვირჩევია, აი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა კი ჩვენი გაცნობიერებული არჩევანი იყო და ამ მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ამდენად, ამ რეჟიმის მსგავს პოლიტიკაში ბრალი ნამდვილად არ მიგვიძღვის.

ალექსანდრე სოფეევი: ჩვენ თანმიმდევრულად ვაპროტესტებდით პუტინის რეჟიმსა და მის პოლიტიკას – სწორედ ამის გამო დავზარალდით. ამიტომაც ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებასთან მშვენივრად შეგვიძლია საერთო ენის, შეხების წერტილების გამონახვა.

რომან დუროვი: მე პირადად გარკვეულწილად მაინც ვხედავ აქაურების სურვილს, აქ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს პუტინის რეჟიმის პოლიტიკაზე გარკვეული პასუხისმგებლობა აგრძნობინონ…

ალექსანდრე სოფეევი: შემიძლია, ვთქვა, რომ მე პირადად, როცა აქაურებს ვეცნობი, იმთავითვე ვეუბნები, რომ ვარ რუსეთიდან, მაგრამ პუტინის მოწინააღმდეგე. დიახ, ხანდახან იქმნება ამის საჭიროება…

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S