
"გარწმუნებთ, ძალისხმევის საჭიროებაზე მითითების მიუხედავად, ევროპარლამენტი საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების კურსს დიდად აფასებს"
07/05/2021 09:03:42 პოლიტიკა
"მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები რიგ სფეროებში შემდგომი ძალისხმევის საჭიროებაზე მიუთითებენ, შემიძლია, დაგარწმუნოთ, ევროპარლამენტი დიდად აფასებს საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების კურსს", – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ 1 აპრილს ევროპარლამენტარების ძირითადმა ჯგუფმა ( მათ შორის მეც ვიმყოფებოდი ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც რიგ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებაზე იყო საუბარი. თუმცა პირველ რიგში, გასათვალისწინებელია კონტექსტი. იმ პერიოდისთვის ჩვენ ჯერ ისევ პოლიტიკურ ჩიხში ვიყავით და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისე იმედისმომცემად არ გამოიყურებოდა, როგორც ეს რამდენიმე თვით ადრე იყო.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცალკეული ევროპარლამენტარების პირად განცხადებებს შორის განსხვავება, რაც შესაძლოა, სულაც არ გამოხატავდეს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას. ანუ იმას, რაც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებსა და განცხადებებშია ნათქვამი.
ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი და მე, როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე რეგულარულად ვაკეთებთ კომენტარს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
მე შემიძლია, დაგარწმუნოთ იმაში, რომ ევროპარლამენტი დიდად აფასებს "ასოცირების ხელშეკრულებით" გათვალისწინებულ საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების კურსს, რომელიც ხაზგასმითაა აღნიშნული 2020 წლის 16 სექტემბრით დათარიღებულ ჩვენს რეზოლუციაში. დოკუმენტი ჩემი კოლეგის სვენ მიკსერის მოხსენებას ეფუძნება. ეს შეფასება არსებობს მაშინაც კი, როცა ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ შემდგომი ძალისხმევა კვლავ საჭიროა ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა მოწყვლადი ჯგუფების დაცვა ან სასამართლო რეფორმის დასრულება", – განაცხადა კალიურანდმა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში მოვისმინეთ რიგი ევროპარლამენტარების განცხადებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, 7 აპრილს (მაშინ, როცა საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმება მიღწეული არ იყო) ევროპარლამენტარმა ვიოლა ფორ კრამონმა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე შემდეგი განაცხადა: "საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია". მოგვიანებით, კიდევ ერთმა ევროპარლამენტრამა ანდრიუს კუბილიუსმა "საქართველოსთვის მაპ–ის მსგავსი მექანიზმის მიცემის თაობაზე ისაუბრა: "ევროკავშირის წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმი "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებს აქვთ".