
"წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმი "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებს აქვთ"
26/04/2021 14:42:02 პოლიტიკა
"ევროკავშირის წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმი "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებს აქვთ", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "პირველ არხს" განუცხადა.
"ევრონესტის ასამბლეა გახლავთ საპარლამენტთაშორისო ფორუმი, რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დეპუტატების გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორების“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების პარლამენტის წევრებიც მონაწილეობენ. ამ ასამბლეაზე ჩვენ კენჭი ვუყარეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო სამიტის წინ შემუშავებულ რეკომენდაციებს. რეზოლუციაში ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსს მექანიზმზე. ეს არის ხედვა, როგორ შეიძლება საქმის წინ წაწევა. ამ გეგმაში არის უფრო მკაფიო ნიშნულები, გარდამავალი სტატუსი ქვეყნებისთვის, ვიდრე ისინი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან. ჩამოთვლილი იქნება, რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით. ჩვენ მექანიზმი მათ საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის წევრებს აქვთ. ეს არის ე.წ. ნორვეგიული მოდელი. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ სახელწოდებაზე. ეს გახლავთ ინიციატივა, რომლითაც ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი რომანო პროდი 2003 წელს გამოვიდა. ასე რომ, ჩვენ ვუბრუნდებით იმ იდეებს, რომლებზეც ადრე იყო საუბარი. ვფიქრობთ, დღეს ეს ძალიან პრაქტიკულია. საქართველო შეიძლება იყოს კარგი მაგალითი, რადგან როგორც ვიცით, საქართველოს 2024 წელს დაგეგმილი აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენა. ამ ნაბიჯმა შეიძლება წინ წამოწიოს დისკუსია ევროკავშირის გაფართოებაზე, ორგანიზაციის მომავალზე, ინტეგრაციის სხვადასხვა შესაძლებლობაზე. სწორედ ეს განვიხილეთ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ბრიუსელში. იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. სხვა შემთხვევაში ეს დიდი დაბრკოლება იქნება", – განაცხადა კუბილიუსმა.
ცნობისთვის: იტალიელი პოლიტიკოსი რომანო პროდი 1999-2004 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტი იყო. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლების მიმართ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩამოყალიბდა. პროდი აცხადებდა, რომ ორგანიზაციამ მეზობელ სახელმწიფოებს პარტნიორობაზე მეტი, თუმცა წევრობაზე ნაკლები უნდა შესთავაზოს.