
"საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია"
07/04/2021 12:43:30 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ფორ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე განაცხადა, რომ "საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია"
"ვისურვებდი უფრო ახლოს ვიყოთ, გულწრფელად, საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოდგენთ. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. [...] ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა", - აცხადებს ფონ კრამონი.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 7 ევროპარლამენტარის განცხადება საქართველოს თაობაზე არ გამოხატავს ცალკეული ევროპარლამენტარების აზრს.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა ჯგუფებმა შერჩევითად აღიქვეს ეს განცხადება:
“ჩვენი საერთო განცხადება არ იყო ცალმხრივი, არამედ ჩვენ ვცადეთ, რომ იგი ყოფილიყო ნამდვილად დაბალანსებული და ძალიან სამწუხარო და იმედის გამაცრუებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ჯგუფებმა ძალიან შერჩევითად გამოიყენეს ეს განცხადება".
ამასთან, მან საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზე ისაუბრა:
"ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს, თუმცა ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან მიიღონ ჩვენი დახმარება და გაანალიზონ მხარდამჭერა ფინანსური ან სხვა რაიმე დახმარების გზით".
მისი თქმით, ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე პარლამენტში კიდევ იქნება საუბარი და ეს არ იქნება მხოლოდ ცალკეული წევრების აზრი, არამედ ეს იქნება ერთიანი ხედვა:
"ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ფინანსურ დახმარებაზე, რას ვიზამთ, რა სახის პირობას ჩავდებთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წევრების აზრი, არამედ პარლამენტის ერთობლივი, თანმიმდერული შეხედულება, აუცილებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ ასეთი მკაცრი ენა გამოვიყენოთ, საქართველოდან იყო პროვოკაცია".
ამასთან, მან ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეთანხმება დიპლომატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, "მარტო განაცხადი, რომ პროევროპელი ხარ საკმარისი არ არის, ასეთი ნამდვილად უნდა იყო".