
ნეით შენკანი: “მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო ნაკლებად უსაფრთხო გახდა“
10/02/2021 11:25:45 პოლიტიკა
“ფრიდომ ჰაუსის” კვლევების დირექტორი ნეით შენკანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ორგანიზაციის ახალ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. ახალ ანგარშში კონკრეტული ფაქტებია განხილული, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოების მთავრობები ქვეყნიდან გაქცეული პირების დევნას განაგრძობენ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა, როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებს და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები; რას ნიშნავს დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროვებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ. ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავ დაშინების და შევიწროების საფრთხის ქვეშაა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ამდენად, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბები აღვწეროთ”, — ამბობს ნეით შენკანი.
ნეით შენკანის თქმით, ტრანსნაციონალური რეპრესიების მეთოდებს შორის ყველაზე აშკარა პირდაპირ თავდასხმებია, რაც მკვლელობებსა და მოტაცებებს გულისხმობს, შემთხვევებს, როცა ამა თუ იმ პირის წარმოშობის ქვეყანა ფიზიკურად იყენებს საკუთარ აგენტებს იმისთვის, რომ ინდივიდს სხვა, მასპინძელ სახელმწიფოში თავს დაესხას. ხოლო მეორე კატეგორია, რომელიც მისი თქმით, ყველაზე ხშირია, არის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა.
შემთხვევების კვლევაში მოხვდა საქართველოდან აზერბაიჯენელი ჟურნალისტის გატაცებაც. ნეით შენკანის თქმით, მუხთარლის გატაცებამ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა.
“ვფიქრობ, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ, ამგვარი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს [ამ ადგილს] შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, მუხთარლის გატაცებამ ნამდვილად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ”, — ამბობს ნეით შენკანი.
ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად თბილისში 2017 წლის 29 მაისამდე ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი მას ბაქოს საპატიმროში მიაკვლიეს. როგორც მუხთარლი ამბობს, ის თბილისიდან ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და საზღვარზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს.
აზერბაიჯანში მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ მას საქართველოში ჩამოსვლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021