
ოპოზიცია – OSCE PA-ს განცხადებაზე: "დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც გაყალბებულია"
18/11/2020 11:12:34 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.
როგორც “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, "ოპოზიციას ვერავინ უბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული":
„ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი ეუთო-ს წესდებაც და ეუთო-ს ფუნქციებიც. ეუთო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია, რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრს რამე უბრძანოს. ეუთო ამბობს თავის მოსაზრებას. ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, დედამიწის ზურგზე ვერავინ გვიბრძანებს იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული".
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს კომპრომისზე წასვლა:
„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა იმიტომ, რომ საქართველოში, 21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტი ისეთი ანაქრონიზმია, ასეთი პარლამენტი კიდეც რომ შედგეს, ის 2-3 თვეზე მეტს ვერ იმუშავებს".
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "ჩიხიდან გამოსვლა გაყალბებულ პარლამენტში შესვლა არ არის".
„ეუთო-ს დამკვირვებლების მხრიდან ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი პრაქტიკულად იგივეს იმეორებენ, რაც 31 ოქტომბერს თქვეს. სამწუხაროდ, წელს პანდემიამ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ეუთო-ც, ევროსაბჭოც და სხვა მისიებიც წარმოდგენილი იყვნენ ძალიან შეზღუდული მასშტაბით, დამკვირვებლების მცირე რაოდენობით, მცირე ლოკაციებზე და ცოტა ხნით. ამიტომ, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ფაქტობრივი მასალა ბევრად უფრო ნაკლები ჰქონდათ. ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტობრივი მასალის მიწოდებას. რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლას, დიახ, ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოვიდეს, ოღონდ ჩიხიდან გამოსვლა არ არის უკანონობის დაკანონება. ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა. ჩიხიდან გამოსვლა ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება და გადაწყვეტაა, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა. თუ ქართველი ხალხი სამართლიან არჩევნებში მისცემს ნდობის მანდატს „ქართულ ოცნებას“, კი ბატონო, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიას. თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლების „გაპრავება“ არ არის არც ჩიხიდან გამოსვლა და არც ქართული სახელმწიფოს განვითარების გზა. ეს არის გზა სახელმწიფოს მიტაცებისკენ, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებას ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკონოიძეც გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
„მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ეუთო–ს შუალედური შეფასებები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენ პროტესტის პარალელურად, სამართლებრივი ჭრილი არ გამოგვიტოვებია, მათ შორის მოლაპარაკებები, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, ამიტომ როდესაც იქნება თავისუფალი არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები აუცილებლად გამოვიყენებთ ამ მანდატს, მაგრამ არა ახლა“.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა.