Accentnews.ge
არასამთავრობოები პომპეოსთან შეხვედრისას განხილულ თემებს ასახელებენ

არასამთავრობოები პომპეოსთან შეხვედრისას განხილულ თემებს ასახელებენ

18/11/2020 10:01:21 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობოების წევრებმა განაცხადეს, მათ შეხვედრაზე სასამართლო სისტემის პრობლემებზე, არაფორმალურ მმართველობაზე, გიორგი რურუას საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, ანაკლიის პროექტზე და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ჭრილში იყო.

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ პომპეოსთან შეხვედრის შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ, არაფორმალური მმართველობა საფრთხე გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, რომ შემოვიდეს ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა ამ ქვეყანაში", – განაცხადა "ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის გია გვილავას თქმით, პომპეოსთან შეხვედრისას გახმაურებულ საქმეებზეც ისაუბრეს:

"ყველა გახმაურებულ საქმეზე, ყველა პროცესზე, ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ ის, თუ რა პერსპექტირები შეიძლება, ჰქონდეს მართლმსაჯულებას. მან იკითხა სასამართლოში არსებულ კლანზე, როგორც ჩანს ინფორმირებულია, სჯერა, რომ კლანი არსებობს, ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადვოკატირება. გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო ე.წ. კარტოგრაფების, ანაკლიის, ფილიპ მორისის საქმე, სადაც დიდი კორუფცია იყო".

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა გვანცა წულუკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას და პირადად მან ისაუბრა კონკრეტულ საქმეებზე, „რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად“:

„ამის დასადასტურებლად რა თქმა უნდა, დროის სიმცირის გამო ყველა საქმე ვერ მოვიყვანე, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე გიორგი რურუას საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე და ბოლოს მოვიყვანე იმ ორი მონიტორის საქმე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მისი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ამით მინდოდა ხაზი გამესვა თუ როგორ მოქმედებს სასამართლო".

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს საარჩევნო დავები, რომელთა უმრავლესობა არის განუხილველად დატოვებული:

„ძალიან მცირედით შევეხეთ, რომ სასამართლოში მიმდინარეობს საარჩევნო დავები, რომელთა უმრავლესობა არის განუხილველად დატოვებული, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ფორმატი ითვალისწინებდა უფრო მეტად კანონის უზენაესობასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე აქცენტირებას, არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, არ დასმულა შეკითხვაც. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად შეხვედრა იგეგმება მომავალში".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა.

პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. ისინი 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S