
აშშ–ის საელჩო: „პომპეომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია“
18/11/2020 08:52:39 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ესაუბრა.
"სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: "საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა", "ღია საზოგადოების ფონდი", "უფლებები საქართველო" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს იგი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პომპეო საქართველოს 13:20 წუთზე დატოვებს