
IRI: "31 ოქტომბრის არჩევნებმა საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა"
16/11/2020 08:49:02 საშინაო პოლიტიკა
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "საქართველოში ჩატარებულმ არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა".
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა", - განაცხადა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის ბიუროს დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
IRI-ს შეფასებით, "მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედა".
დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან IRI აღნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირებასა და შედეგების მართვის პროცესს, რომელიც "საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო".
IRI მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ და დროული რეაგირება მოახდინონ ამომრჩეველთა ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე; ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მისამართით ჩადენილ დანაშაულებზე".
როგორც "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტში" აცხადებენ, არჩევნების შედეგებით მანიპულირების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:
"საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა (განსაკუთრებით - იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას) სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, რომლებშიც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი".
ამასთან, IRI ცსკ–ს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები შედეგების შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფართომასშტაბიან გადამზადებას".
IRI მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებსაც, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიწყო.