Accentnews.ge
სამადაშვილი – სააკაშვილზე: "აღარ გაიმეოროს, "ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან და საქართველოში ჩამოვალო"

სამადაშვილი – სააკაშვილზე: "აღარ გაიმეოროს, "ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან და საქართველოში ჩამოვალო"

15/11/2020 09:00:14 საშინაო პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, სწორი იქნება, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღარ გაიმეოროს, "ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან და ქვეყანაში ჩამოვალო".

მისივე თქმით, ოპოზიცია "სააკაშვილს ვერც ჩამოიყვანს და ვერც მის ჩამოსვლას შეეწინააღმდეგება". როგორც სამადაშვილი აცხადებს, საქართველოში დაბრუნების საკითხი პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია:

“იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ “ჩამოიყვანენ” სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა, მისი გადასაწყვეტია".

სამადაშვილის თქმით, "მას უპერსპექტივოდ მიაჩნდა სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ურჩევდა, თუმცა უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი".

“ამიტომ, სააკაშვილმა მართალი თქვა – "შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო". თუმცა ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, "ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან და ჩამოვალო". ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასე მიმართა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”.

14 ნოემბერს თბილისში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს:

"სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს".

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე გია ბარამიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"მიშას არ აქვს უფლება ამ ბრძოლაში იყოს და წინ გავიდეს? ამ ბრძოლაში მიშა სააკაშვილი ჩემთვის და ასი ათასი ადამიანისთვის არის თავში, არავის აქვს უფლება თქვას, რომ მიშას არ აქვს ყოფნის უფლება. მიშას რომ შნო აქვს, ნეტავ იმის მეასედი შნო ქონდეს აქ ნებისმიერის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

აღნიშნულის შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბარამიძეს მიმართა:

"თემა შემოგაქვს, რომელზეც ერთიანობა არ არის. ყოველდღე ეთერში ზის და მოგვმართავს, "დამიძახეთ, რომ ჩამოვიდეო". რაში გინდა ერთიანობა, რომ მიშა უნდა იდგეს ყველაფერზე წინ? ასჯერ ვუთხარით, რომ, რაც უნდა, ის ქნას. დევნილად მიმაჩნია, თუ უნდა, გარისკოს და ჩამოვიდეს, როგორც სხვებმა გარისკეს, ან გაჩუმდეს, ან ჩამოვიდეს".

დაპირისპირებაში ჩაერთო "ერთიანი საქართველოს ლიდერი" ნინო ბურჯანაძეც და აღნიშნა, რომ "ბარამიძისგან განსხვავებით ჭკუა ეყო და 14 ნოემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით მიმართვისგან თავი შეიკავა, რომ ოპოზიციაში ბზარი არ გაეჩინა":

​"მიშა სააკაშვილს, შენგან განსხვავებით, ეყო ჭკუა და იმ მიტინგზე, რომელზეც იყო უზარმაზარი ეკრანი და ნამდვილად იყო ძალიან ბევრი მისი მომხრეც იქ, რომელიც ტაშით შეხვდებოდა მიშა სააკაშვილის გამოჩენას. ეყო სააკაშვილს შენგან განსხვავებით ჭკუა და იმ ეკრანზე არ გამოჩენილიყო და, საერთოდ, არ მიემართა სიტყვით. არ გააჩინა ბზარი". –მიმართა ნინო ბურჯანაძემ გიორგი ბარამიძეს.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S