
"ყველა მენანება ციხისთვის, თუმცა თამარ ჟვანია აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში"
14/11/2020 11:40:56 საშინაო პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ცსკ–ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმართავს და აცხადებს, რომ "ხალხი მას იქ გააძევებს, სადაც ერის მოღალატეების ადგილია".
„თამარ ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, ბედავს და ამბობს, "არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო". მას კი არ გადავაყენებთ, მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. გონს მოეგოს ჟვანია! არასოდეს არ მისურვია არავისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში ამ რეჟიმის დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი, რაც არ უნდა ეპატიოს. თუნდაც, ერთი და სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, რათა ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედოს ხმას რომ მისცემთ, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ეს არავინ არასოდეს არ უნდა გაბედოს და ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ. პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება“, – განაცხადა მელიამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი დღეს 15:00სთ–დან განახლდა. ოპოზიციის სამი მოთხოვნა – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უცვლელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდი გაიმართა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.