
თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტი განახლდა
14/11/2020 11:00:25 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტი განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდან თავისუფლების მოედნამდე უკვე გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
ოპოზიციის სამი მოთხოვნა – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უცვლელია.
როგორც ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის პარალელურად, ქუჩის პროტესტიც გაგრძელდება. ეს უკანასკნელი კი, უდუმაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც ითვალისწინებს:
"ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რომელიც მშვიდობიან აქციებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, მშვიდობიანი აქციები სახელმწიფო შენობების თუ უწყებების პიკეტირებას გულისხმობს. ეს არის კონსტიტუციით დაშვებული აქციები".
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდი გაიმართა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.