
"სანამ შედეგს არ მივაღწევთ, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. ეს უკანასკნელი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც ითვალისწინებს"
14/11/2020 08:39:09 საშინაო პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის პარალელურად, ქუჩის პროტესტიც გაგრძელდება. ეს უკანასკნელი კი, უდუმაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც ითვალისწინებს.
"ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რომელიც მშვიდობიან აქციებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, მშვიდობიანი აქციები სახელმწიფო შენობების თუ უწყებების პიკეტირებას გულისხმობს. ეს არის კონსტიტუციით დაშვებული აქციები", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე მოთხოვნები იგივე იქნება:
"ეს არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ დღეს ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს რუსთაველის გამზირზე".
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა იმართება. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრება. რეზიდენციაში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.