
"პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მძლავრი სიგნალია ამერიკისგან, რომ საქართველო აშშ–ის პარტნიორია"
12/11/2020 12:20:55 საშინაო პოლიტიკა
"პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მძლავრი სიგნალია ამერიკისგან, რომ საქართველო აშშ–ის პარტნიორია", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გართულებულია ვითარება ჩვენს რეგიონში და თუ დააკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც პომპეო ტურნეს ფარგლებში ჩადის, ეს არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეები - ისრაელი, ყატარი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საფრანგეთი, ანუ, ყველა ეს ქვეყანა მოიაზრება როგორც აშშ-ს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი მოკავშირე და ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხვედრა ძალიან ნიშანდობლივია. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად კიდევ დავამატებდი, რომ როგორც წესი მაღალი თანამდებობის პირები წინასაარჩევნო, ან საარჩევნო პერიოდში ქვეყნებში ვიზიტებით არ ჩადიან და ჩვენ აქ ვართ საარჩევნო პროცესში, პირველი ტური დასრულდა, წინ გვაქვს მეორე ტური . აქედან გამომდინარე ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი სიგნალი ამერიკისგან, რომ საქართველო არის მათი პარტნიორი. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ აქციებს მოაწყობენ, არ ვიცი ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია , მათი გადასაწყვეტია , მათ მივანდოთ. ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მოუწყო აქციები, თან რას აპროტესტებენ გასაკვირია იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადამკვირვებლო მისიამ, მათ შორის, თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა რომ არჩევნები 31 ოქტომბერს იყო სამართლიანი, თავისუფალი და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული", – განაცხადა სამხარაძემ.
რაც შეეხება იმას, რატომ არ არის დაგეგმილი პომპეოს შეხვედრა ოპოზიციასთან, სამხარაძის თქმით, "ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას":
"ამ შემთხვევაში, ეს ალბათ არის ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა, ის შეხვედრები, რომლებიც არის გაწერილი, ჩვენ ამაში, რა თქმა უნდა, ვერ ჩავერევით, მათ მოთხოვნაში".