
ხატი – როგორც იარაღი ბჟანიას და ქართულ-აფხაზური დარეგულირების წინააღმდეგ
28/08/2020 06:43:07 კონფლიქტები
პატრიოტიზმის, რწმენის, ჰუმანიტარული საქმიანობის ცნებებს, ისევე, როგორც სიტყვებს “პატრიოტიზმი”, “ერთმორწმუნეობა”, “დახმარება” თითოეული ჩვენგანისთვის წესით, მხოლოდ პოზიტიური ელფერი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ბოლო წლებში პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში (და არა მარტო) მათ მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება გაჩნდა. მეტისმეტად უყვარს ეს სიტყვები კრემლს. და მეტისმეტად ხშირად ირკვევა, რომ პოლიტიკური ძალები და ღონისძიებები, რომელთა სახელწოდებებშიც ეს სიტყვები ფიგურირებს, რეალურად, პირდაპირ ან ირიბად კრემლის ინტერესებს ემსახურება.
სწორედ ასეთი ასოციაციები გამოიწვია საქართველოში შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების პირველივე დღეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების “საიდუმლო” ვიზიტმა აფხაზეთში. მისმა ლიდერებმა – ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ 18 აგვისტოს ილორის მონასტერში ხატი ჩაიტანეს. უკვე მოგვიანებით კი, როცა რიგმა აფხაზმა პოლიტიკოსებმაც დაადასტურეს, რომ ეს ვიზიტი “ზოგიერთი რუსი ჩინოსნების თხოვნით” იყო ორგანიზებული, საზოგადოებაში ამ “ჰუმანიტარულ-პატრიორულ-საღმრთო” სპექტაკლის ირგვლივ ეჭვებს, ჩათვალეთ, საბოლოოდ დაესვა წერტილი.
საუბრები იმის შესახებ, რომ ეს “ალიანსი” მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოში დიდი ხანია, მიდის. საფუძველი მარტივია: მეტისმეტად ახლოა “პატრიოტების” პოლიტიკა რუსეთის ინტერესებთან. ისინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ებრძვიან ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებსაც ასე ხშირად აკრიტიკებენ რუსი მაღალინოსნები. მაშასადამე, ამ “ალიანსში” კრემლი შეიძლება, თავისუფლად ხედავს ძალას, რომელსაც შეიძლება, საქართველოში დაეყრდნოს. რა თქმა უნდა, “პატრიოტები”, როგორც პარტია, დიდი არაფერია და სერუიოზულ ძალად მათ დიდად არავინ არასოდესგანიხილავდა. მაგრამ მეტ-ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკოსებში კრემლმა სიმპათია ვერა და ვერ გამოიწვია. ამიტომაც იძულებულია, დაკმაყოფილდეს მსგავსი მარგინალებით, რომლებიც არაც და არამც არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს. და ეს – მიუხედავად იმ მძლავრი პროპაგანდისტული მანქანისა, ტროლების ჯარისა და მილიონებისა, რომლებსაც მოსკოვი ამ საქმეზე ყოველწლიურად ხარჯავს. “პატრიოტების” არცთუ სერიოზული (სხვადასხვა სოცილოგიური გამოკითხვების თანახმად, 3-დან 5%-მდე) რეიტინგი გასაკვირი არ უნდა იყოს: ისინი ხომ სწორედ იმ პროდასავლურ კურსსა და დემოკრატიულ ფასეულობებს ებრძვიან, რომელთა სასარგებლოდაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
ამ ყველაფერს მოუსწრო მიხელ ხოდორკოვსკის ცენტრ “დოსიეს” ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამაც, რომლის თანახმად, მოსკოვი ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებისთვის ფსონს სწორედ “პატრიოტთა ალიანსზე” დებს, ამ მიზნით 8 მილიონი დოლარი გამოყო, პროკრემლისეული პიარ-ტექნოლოგები დაიქირავა და ა.შ. და აი, “ალიანსის” საქმიანობის პროკრემლისეული მიმართულების საკითხი მთელი სიმწვავით დადგა დღის წესრიგში.
ოპოზიციის პროდასავლურად მიჩნეულმა ნაწილმა («ნაციონალური მოძრაობა», «ევროპული საქართველო») პროკურატურას მიმართა. ოპოზიციონერები სისხლის სამართლის დანაშაულების კონკრეტულ ნიშნებზე მუთითებენ და მოითხოვენ, “ალიანსს” საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ეთქვას. უფლებადამცველები კი, რომლებიც ასევე მკვეთრად უარყოფითად არიან განწყობილი “პატრიოტების” მიმართ რიგი ლიდერების ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო, მოითხოვენ, “ალიანსის” დაფინანსების საკითხი სახელმწიფო აუდიტმაც შეისწავლოს - 2019 წელს ხომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” შემდეგ ყველაზე დიდი შემოსავლები (1,5 მლნ ლარზე მეტი) სწორედ “პატრიოტებს” აქვთ მიღებული.
პროკურატურას ჯერ არ გაუხმოვანებია გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა გამოძიება. და ეს გაჭიანურება აშფოთებს პროდასავლურ ოპოზიციას, რომელიც მთელ რიგ ეპიზოდებზე დაყრდნობით დარწმუნებულია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მმართველი პარტიის “ჯიბის ოპოზიციაა” და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ კრემლის დაკვეთით საქართველოში დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით.
თავად ინაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, აგორებულ სკანდალს “პოლიტიკური მოშურნეების წინასაარჩევნო დაკვეთად” აფაებს (თუმცა რა აქვთ “პატრიოტებს” შესაშური – ცოტა გაუგებარია) და უკავშირებს, მათ შორის, აფხაზეთში ვიზიტსაც, რომელიც “იმედის სხივად” მონათლა.
ვიზიტი, რა თქმა უნდა, იყო. იყო ხატიც. მაგრამ იყო თუ არა ეს ყველაფერი “იმედის სხივი”? ამის გასარკვევად მოდით, გადავხედოთ შედეგებს.
ბოლო წლებში რუსი “სპეციალისტების” მიერ სულ სხვა რამედ გადაქცეული ილორის მონასტრის მრევლისთვის ხატის გადაცემა შესაძლოა, ქცეულიყო კიდეც იმედის სხვივად, – ეს სჯობს, თავად მრევლს ვკითხოთ. თუმცა მისი გადაცემიდან სულ რამდენიმე დღეში - 27 აგვისტოს “აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის” საეკლესიო სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ხატს არ მიიღებს და პატრონს დაუბრუნებს. «ამ მისიის შესახებ საქმის კურსში არავის ჩავუყენებივართ. მსგავსი აქციები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლსიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე დაუშვებელია», - ვკითხულობთ განცხადებაში.
“პატრიოტთა ალიანსის” მცირერიცხოვანი მხარდამჭერებისთვის აფხაზეთში ვიზიტი (ისევე, როგორც მრავალრიცხოვანი ვიზიტები მოსკოვში) შესაძლოა, იქცა კიდეც იმედის მორიგ სხივად. და ეს სხივი ალბათ, გაუთბობდათ კიდეც ლენინური “ნათელი მომავლის” იმედებს გარკვეული დროით – მანამ, სანამ ისევ არ აღმოაჩენდნენ, რომ იგი სხვას არც არასდროს არაფერს ათბობდა. თუმცა იმ სკანდალის გათვალისწინებით, რომელიც ამ ვიზიტის გამო აფხაზეთში აგორდა, ეს სხივიც “ჩაიფუშა” – თანაც უფრო ადრე, ვიდრე “პატრიოტები” ვარაუდობდნენ. მაშასადამე, ამ უგუნურმა წინასაარჩევნო სვლამ არც თავად პარტიას მოუტანა სარგებელი. ახლა ხომ მის ლიდერებს გაცილებით მეტად გაუჭირდებთ თუნდაც მიამიტი ელექტორატის დარწმუნება იმაში, რომ”პატრიოტთა ალიანსი” წარმოადგენს ძალას, რომელთანაც ვინმე სერიოზული აფხაზეთში რაიმე სერიოზულის განხილვას დაიწყებს.
საქართველოს ხელისუფლებას ამ “სხივმა” კარგი ასევე არაფერი მისცა: მის ოპონენტებს გაუჩნდათ სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ გადაკვეთეს “პატრიოტებმა” დაუბრკოლებლად ჩაკეტილი ენგური, მათ შორის – ქართული ბლოკ-საგუშაგო. კითხვებთან ერთად კი – დამატებითი არგუმენტებიც, ისაუბრონ პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნების” ალიანსზე.
აფხაზეთის შედარებით ახალ “ხელისუფლებას” “სხივი” ასევე აშკარად არ გამოადგა – მხოლოდ დამატებითი “თავის ტკივილი” მოუტანა. რაულ ხაჯიმბას რევანშისტულად განწყობილი “არუააელი” მხარდამჭერები ხომ ჩასაფრებულები ელიან ნებისმიერ საბაბს “ხალხის ქუჩაში გასაყვანად”, ამით კი “ნოყიერი ლუკმა” ჩაიგდეს ხელში მორიგი გაუთავებელი საუბრებისთვის ამჟამინდელ მმართველ ასლან ბჟანიას “მოღალატეობის” თაობაზე.
და აქ საქმეს ალბათ, ნაკლებად უშველის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის – ლაშა საკანიას გადადგომა – იმ საკანიასი, რომელიც ირმა ინაშვილსა და გიორგი ლომიას დახვდა. საკანია ის არ არის, ვისი თავიც სურთ “ხაჯიმბელებს”. აფხაზეთში ხომ არაოფიციალურად ყველამ იცის, რომ მის შემთხვევაში სტატუსი “პრეზიდენტის თანაშემწე” მხოლოდ ფიქციაა, რეალურად კი, საკანია შუამავალია საჭირო დროს საჭირო დოკუმენტების, ინფორმაციისა და ფინანსების გადმოსაცემად მოსკოვისგან, რომლის ინტერესებსაც გაცილებით მეტი მონდომებით ატარებდა აფხაზეთში რაულ ხაჯიმბა. სხვათა შორის, სწორედ აქედან გაჩნდა ვარაუდი, რომ “პატრიოტები” იქ არა ხატის ჩასატანად, არამედ რუსეთიდან რაღაცის მისაღებად იყვნენ ჩასულები.
დასასრულს – “რუსი ჩინოსნების თხოვნით” გაჩენილი ამ “იმედის სხივის” ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი – ეს ქართულ-აფხაზური დარეგულირების იმ ჩანასახების პრაქტიკული მარგინალიზაციაა, რომლებიც აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში გამოიკვეთა.
დასკვნა, მე მგონი, მარტივია. მოგებული ამ “პატრიოტულ-საღმრთო-ჰუმანიტარულ” ისტორიაში მხოლოდ ერთია. და ის არც სოხუმია, არც თბილისი. მოგებული ისაა, ვისაც აწყობს სასარგებლო ძვრების განულება; ვისაც სჭირდება მის მიერვე პანდემიის რთულ დროს ბედის ანაბარად მიგდებული აფხაზეთის დასჯა “არასაჭირო მიმართულებით გახედვისთვის”. ის, ვისაც სურს, დააბრუნოს აფხაზეთი კალაპოტში “ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ - დახვრეტა”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველი ანალიტიკოსები თვლიან, რომ მომხდარი საზიანო “ქარიშხალია ჭიქა წყალში” და რაც მალე ჩადგება ეს “ქარიშხალი”, მით უკეთესია სოხუმისა და თბილისისთვის.
“დიდი სისულელე იქნებოდა ამ უცნაური ვიზიტისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ყველას ხომ მშვენივრად ესმის, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს და მისი სახელით საუბრობდეს. პირიქით, ეს პარტია იბრძვის ქართველი ხალხის პროდასავლური დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ. “პატრიოტთა ალიანსი” არავის წარმოადგენს, საკუთარი მერკანტილური ინტერესების გარდა. მას არც სურვილი აქვს, არც შესაძლებლობა, ქართულ-აფხაზური დიალოგის რაიმე პრაქტიკული, რაციონალური, პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას” – თვლის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.
მისივე აზრით, “ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ხალხის ინტერესებზე რეალურად მზრუნველი პოლიტიკოსი მიხვდება, რომ დაუშვებელია, ამ პოპულისტურმა წინასაარჩევნო პიარ-ნაბიჯმა რაიმე დაბრკოლებები შექმნას დიალოგისა და თანამშრომლობის გზაზე, რომლის კონტურებიც ბოლო დროს მოინიშნა”.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას