Accentnews.ge
რუსეთი აფხაზეთს საგარეო კავშირების დივერსიფიცირების შემთხვევაში «საზღვრების წაშლით» ემუქრება

რუსეთი აფხაზეთს საგარეო კავშირების დივერსიფიცირების შემთხვევაში «საზღვრების წაშლით» ემუქრება

24/08/2020 06:57:58 კონფლიქტები

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთს გასაკვირი რაოდენობის რუსული დელეგციები სტუმრობდნენ. არ ვიცი, ამდენად ცუდადაა აფხაზეთის საქმე, თუ რაღაც მსოფლიო რყევებია მოსალოდნელი, რომ მეზობელი ქვეყნის ეკონომისტებს, ენერგეტიკოსებს, მედიკოსებს სასწრაფოდ დასჭირდათ რესპუბლიკაში მორიგი ინსპექტირებების ჩატარება და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან საჭირბოროტო თემების განხილვა...ბოლო ასეთმა ვიზიტმა რესპუბლიკის მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არცთუ უმაღლესი რანგის რუსი ჩინოსანი აფხაზეთში იმდენად მძლავრი დაცვით გადაადგილდებოდა, ინგლისის დედოფალსაც შეშურდებოდა. როგორც ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ დაწერა, ადგილი, სადაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბაბიჩმა ისადილა, ავტომატიან ნიღბიან დაცვას სამი კილომეტრის რადიუსში ჰქონდა გადაკეტილი.

სიფრთხილის მსგავსი უპრეცედენტო ზომები გასაგები იქნებოდა ქვეყანაში, სადაც, მაგალითად, ომი მიდის, ან ეს-ესაა დაიწყება შეიარაღებული კონფლიქტი. მაგრამ აფხაზეთი ხომ რუსეთის მეგობარია, აქ არც ომია, თანაც საშუალო რგოლის რუსი ჩინოსანი აქ არა მრავალმილიონიანი კონტრაქტების გასაფორმებლად ან აურაცხელი სიმდიდრის წასაღებად ჩამოვიდა, - ასე მსჯელობს რუსული დელეგაციის უტაქტო ქცევით გაღიზიანებული მოსახლეობა.

თუმცა ინტერნეტ-სივრცეში ხანმოკლე ქექვის შემდეგ ადვილი დასადგენია, რომ მიხეილ ბაბიჩი მთლად ჩვეულებრივი ჩინოსანი არაა. ეკონომიკის სამინისტროში ის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობარი, წესრიგის დასამყარებლად დაინიშნა. და არა მარო. სწორედ მას, როგორც დასახული ამოცანების გადაჭრისადმი არაერთმნიშვნელოვანი მიდგომით ცნობილ ფიგურას ავალებს რუსეთის ლიდერი ყველაზე ხშირად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში ბაბიჩის ვიზიტის მიზეზი ორი ქვეყნის სამართლებრივი სივრცეების ჰარმონიზაცია და ტურისტულ სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა. 2020 წელს აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 48 ობიექტის მშენებლობის დასრულება, მათ შორის — სატრანსპორტო და ელექტროქსელური ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალგაყვანის, ნარჩენების გადამუშავების, კეთილმოწყობისა და საინჟინრო სფეროებში. გარდა ამისა, იგეგმება ნაპირსამაგრი და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

რუსულმა დელეგაციამ მთელს რესპუბლიკაში ბევრი ობიექტი მოინახულა, შეხვდა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს. თუმცა მედიამდე და საზოგადოებამდე ყველა განხილულმა საკითხმა როდი მიაღწია.

ირკვევა, რომ დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიხეილ ბაბიჩი საკმაოდ ხისტი ფორმით საყვედურობდა ასლან ბჟანიას რუსეთისთვის საკვანძო მთელი რიგი საკითხების გამო. «ბაბიჩმა ბევრი სხვადასხვა თემა წამოსწია. მან ისაუბრა ენერგეტიკაზე, უფრო ზუსტად, ამ საკითხის სასწრაფოდ გადაჭრა მოითხოვა. საუბარი იყო რუსებისთვის მთელი სისტემის მიყიდვაზე. გარდა ამისა, მან აღშფოთება გამოხატა იმით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაშვების თემა მკვდარი წერტილიდან არ იძვრის და მოითხოვა, პრობლემა წლის ბოლომდე გადაიჭრას. კარგი ურთიერთობებისა და რუსეთის მოქალაქეობის დარიგების სანაცვლოდ», - გვაცნობა წყარომ პრეზიდენტ6ის ადმინისტრაციაში.

თუმცა ესეც კი არ არის მთავარი. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, რუსი ჩინოსანი აფხაზეთს სხვადასხვაგვარი სანქციებით, გამკაცრებებით დაემუქრა და ისიც კი განაცხადა, ომისშემდგომი ბლოკადა საბავშვო გართობად მოგეჩვენებათ, თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობა საქართველოსთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობებისადმი ინტერესის გამოვლენას არ შეწყვეტსო. «რა სავაჭრო ურთიერთობების წარმოება დააპირეთ ქართველებთან ჩვენი ნებართვის გარეშე! ნუ გავიწყდებათ, ვინ გაუწოდა აფხაზეთს ძნელბედობის ჟამს დახმარების ხელი, ვინ ეხმარება ახლაც!», - ასე აღწერს ჩვენი თანამოსაუბრე ბაბიჩის დიალოგს.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დახურულ კარს მიღმა აფხაზეთის ხელმძღვანელობას ფაქტობრივად, სახელმწიფოს არსებული საზღვრების გადახედვას სთავაზობდა, შენიღბულს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთის გამარტივებით. არსობრივად, ბაბიჩი საკონტროლო-გამშვები პუნქტის რესპუბლიკის სიღრმეში, გაგრის რაიონში შეწევას მოითხოვდა, რათა «მოსახლეობა ნელ-ნელა მიეჩვიოს იმას, რომ საზღვარი აღარ იარსებებს, წაიშლება».

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვადასხვა კალიბრის რუსი ჩინოსნები აფხაზეთისგან რესპუბლიკისა და ხალხისთვის საზიანოდ გარკვეული ტერიტორიის დათმობას ან ამა თუ იმ დოკუმენტის ხელმოწერას მოითხოვენ. დიახ, უმრავლეს შემთხვევაში ეს დახურულ კარს მიღმა კეთდებოდა. თუმცა ჯერ არც ერთ მათგანს არ გაუბედია აფხაზებთან ღია მოთხოვნებისა და ბრძანებების ენით საუბარი.

რაც შეეხება ურთიერთობების დარეგულირებას, აქ რუსეთის პოზიცია საერთოდაც გაუგებარია. როგორ შეიძლება, სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც აფხაზეთი პირველმა აღიარა და სურს, მის მაგალითს რაც შეიძლება, მეტმა სახელმწიფომ მიბაძოს, რეგლამენტირებდეს, ვისთან იურთიერთოს რესპუბლიკამ, როდის და როგორ?! აბსურდია! მაგრამ ეს — მხოლოდ კლასიკური გაგებით. თუ რეალობიდან ამოვალთ, დიალოგის ჩამოყალიბების აკრძალვა საკმაოდ გავრცელებული რუსული პრაქტიკაა — რუსეთს ხომ მხოლოდ ამ მეთოდით შეუძლია თავისი სტრატეგიული პარტნიორების კონტროლი. ართმევს რა აფხაზეთს მსოფლიოზე წვდომის, განვითარებისა და მომძლავრების შესაძლებლობას, რუსეთი ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, რათა სამომავლოდაც ერთპიროვნულად წყვეტდეს, იარსებოს თუ არა საერთოდ ამ სახელმწიფომ, ვისთან როგორ იურთიერთოს და, რაც მთავარია, ვის წინააღმდეგ იმეგობროს მასთან.

«სჭირდება თუ არა რუსეთს, პატარა აფხაზეთმა, რომლისთვისაც დიდ მეზობელს სურვილის შემთხვევაში როგორც უძრავი ქონების, ისე ტერიტორიის უმტკივნეულოდ წართმევა შეუძლია, თავისი საერთაშორისო კავშირების რეალური დივერსიფიკაცია მოახდინოს? ცალსახაა, რომ ნებისმიერი «მესამე», რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში გარკვევას მოისურვებს, «ზედმეტი» იქნება» - ეს სიტყვები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწერა. და, სამწუხაროდ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჰო, კინაღამ გამომრჩა – ამჯერად ეს საკითხი მიხეილ ბაბიჩს - ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარსა და თანამებრძოლს დაევალა. მაშასადამე, უახლოეს ხანებში აფხაზეთს შესაძლოა. კიდევ უფრო რთული დრო დაუდგეს. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ რუსეთთან ჩხუბი ძვირად ჯდება. თუ მაინც გადაწყვეტ, არ აგცდება «მაიდანი» ან რომელიმე სხვა «ფერადი» რევოლუცია. და აქ აფხაზეთი აბსოლუტურად წამგებიან მდგომარეობაშია: მარჯვნივ წახვალ — სიკვდილს იპოვი, მარცხნივ — სამშობლოს დაკარგავ.

P.S.

ამ დღეებში აფხაზურ საზოგადოებაში მორიგი დაძაბულობა წარმოიშვა. ამჯერად მიზეზად იქცა რაღაც საიდუმლო შეხვედრა ქართული პარტია «პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან. ჩვენს რესპუბლიკაში ამ ორგანიზაციის შესახებ დიდად არაფერია ცნობილი და არც მის მიმართ ინტერესს იჩენდა ვინმე. გასაგები რომ იყოს, ვინაა ეს ხალხი, ვიტყვი მხოლოდ, რომ ბოლო დრომდე მისი აქტიური წევრი გახლდათ, მაგალითად, ცნობილი ემზარ კვიციანი — 2008 წლის ომამდელი კოდორის ხეობის «მეთვალყურე», რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მოსვლის შემდგომ ერთგვარად რეაბილიტირდა და თანაპარტიელებთან ერთად წარმატებულად მოკალათდა პარლამენტში. საქართველოში ეს ბატონები პრორუსულად განწყობილ «ოპოზიციურ» ძალად ითვლებიან, რომელიც საჭირო დროს, საჭირო საკითხებში მშვენივრად პოულობს საერთო ენას მმართველ პარტია «ქართულ ოცნებასთან». ანუ ეს ერთგვარი «ჯიბის» ოპოზიციაა საქართველოში სუსტი, მაგრამ მაინც არსებულო პრორუსული განწყობების მხარდასაჭერად, საკმაოდ ხშირად მორბენალი მოსკოვში...

ჰოდა, სხვადასხვა ცნობებით, «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლები თვით პრეზიდენტ ბჟანიას მრჩეველ ლაშა საკანიას შეხვდნენ.

«საქართველოს პატრიოტთა ალიანსი» არცთუ მრავალრიცხოვანი პარტიაა და ქართულ საზოგადოებაში არაერთმნიშვნელოვნად აღიქმება. მისი «მცელობები», მიაღწიოს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას, რაც, პარტიის ლიდერების აზრით, მოიტანს იმას, რომ «რუსეთი აფხაზეთს ქართველებს დაუბრუნებს», ხომ საერთოდაც აბსურდულად გამოიყურება. მაგრამ სწორედ ასე ცდილობენ «პატრიოტები» ყოველ ჯერზე თუნდაც მცირედი ქულების ჩაწერას, მით უფრო — ახლა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.

რაც შეეხება ლაშა საკანიას, მას რესპუბლიკაში ერთგვარი საქმოსნის რეპუტაცია აქვს, რომელსაც გააჩნია უნარი, საჭირო დროს ხელიდან ხელში გადასცეს აუცილებელი მონაცემები, ფინანსები, დოკუმენტები და ბევრი სხვა რამ. დაინიშნა რა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლად, მას ამით საკუთარი სტატუსი დიდად არ განუმტკიცებია, რომ საინტერესო გამხდარიყო თუნდაც არცთუ ყველაზე ძლიერი ქართული პოლიტიკური პარტიისთვის.

ცოტა თუ დაფიქრდა იმაზე, რომ მთელი ეს «საიდუმლო შეხვედრა» მეტისმეტად საჭირო დროსა და ადგილზე მოხდა - აფხაზეთში პუტინის მეგობარი რუსი ჩინოსნის ვიზიტის პერიოდში.

მაღალი ალბათობით, საუბარია იმაზე, რომ «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მართალია, უმალავენ საქართველოს მოსახლეობას თავის პრორუსულ მიმართულებას და არაოფიციალურად უჭერენ მხარს მის პოლიტიკას ქართული სახელმწიფოს მიმართ, წინასაარჩევნოდ რუსი «მეგობრებისგან» უნდა გადასცემოდათ ან თავად გადაეცათ რაღაც «ჰუმანიტარული დახმარება». მიხეილ ბაბიჩის რესპუბლიკაში ვიზიტი კი «პრეზენტის» გადაცემის ძალზე ხელსაყრელი შესაძლებლობაა. მაგრამ როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ? სწორედ აქ გამოადგათ ლაშა საკანიას უნარები, რომელმაც შესაძლოა, თავადაც არ იცოდა, რომ ბინძურ თამაშში იყო ჩათრეული.

ყოჩაღ პუშკინო, აფერუმ - როგორ გონივრულად გააკეთეს თავისი საქმე და იმავდროულად გააფუჭეს აფხაზეთის... მე ახლა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება კი არ მედარდება — ჩვენი, აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ვმსჯელობ.

თავად განსაჯეთ: როგორც კი ღიად დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგის, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, იმწამსვე გაჩნდა ღალატის ისტორია. მაგრამ რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის ბრძანებით ფსევდო-პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებულმა აფხაზეთმა შეიძლება, უფრო მეტიც კი წააგოს, ვიდრე თავისუფლებაა.

აფხაზი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოს საკუთარი ისტორია და «სიყვარული» იმპერიისა, რომელსაც მართალია, დღეს სხვა სახელი აქვს და აფხაზეთისთვისაც თითქოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა კვლავინდებურად სურს ზოგიერთი მთიელების ამოწყვეტა.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_____________________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S