
ქართულ-აფხაზურ-რუსული ენერგოკვანძი: რისი უნდა ეშინოდეს აფხაზეთს
18/08/2020 14:18:44 კონფლიქტები
საკმაოდ დიდი ხნის წინ კაციობრიობამ ელექტროობა გამოიგონა და ამჟამად მის გარეშე უკვე სიცოცხლე ვეღარ წარმოგვიდგენია. ელექტროენერგია ყველაფრისთვის გვჭირდება: მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაწყებული, ტრანსპორტითა და კომფორტული ცხოვრების რესურსებით დამთავრებული.
მაგრამ სცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ერთ დღეს თქვენს ბინაში ელექტროობა გაითიშა. არა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების ან ტექნიკური გაუმართავობის გამო, არა რამდენიმე წუთით ან ორიოდ საათით, არამედ სამუდამოდ. და არა მარტო თქვენთან, არამედ მთელს რესპუბლიკაში. წარმოიდგინეთ ეს ვითარება? რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია არ არის, მაგრამ ძალზე არასასიამოვნოა. უბრალოდ ჰოპ — და ელექტროენერგია მთელს აფხაზეთში გაქრა, ის აღარსადაა.
მძიმე სურათია, მაგრამ რეალისტური.
27 წლის განმავლობაში აფხაზეთი ელექტროენერგიას ფაქტობრივად უფასოდ მოიხმარს. ამასთან, საუკუნის მეოთხედია, რესპუბლიკა მოცულობებს მხოლოდ ზრდის, მაგრამ არ არემონტებს და არ იხდის გენერაციაში. ამ ფონზე აფხაზეთში მსოფლიოს მასშტაბით ელექტროენერგიაზე ყველაზე დაბალი ფასია. დარგი კი წლიდან წლამდე ინგრევა და განვითარების ნაცვლად აფხაზები მხოლოდ ავსებენ ხვრელებს, რომლებიც სულ უფრო მეტია.
რესპუბლიკის ენერგეტიკულ სფეროში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის ჩინოსნები საუბრობდნენ. «სადღეისოდ ენერგეტიკა ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია. და ეს — იმ დროს, როცა მნიშვნელოვანი რესურსები გაგვაჩნია. დღეს ელექტროენერგიას მხოლოდ ენგურჰესიდან ვიღებთ. ჩვენთან ჯერ-ჯერობით არ გამოიყენება მცირე ენერგეტიკის შესაძლებლობები, არსებობს ალტერნატიული ენერგეტიკის გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად არაფერი გავაკეთეთ. მთელი ჩვენი ენერგოსისტემა მოძველდა და კრიტიკულ მდგომარებაშია. როგორ განვითარდება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, თუ ეს სისტემა გარკვეული დროის შემდეგ საერთოდ ჩამოიშლება?», - ამბობდა პრეზიდენტობის პერიოდში რაულ ხაჯიმბა. მას სხვადასხვა რანგის ჩინოსნებიც ეთანხმებოდნენ, თუმცა სიტყვებს იქით საქმე არ წასულა.
აფხაზ ეკონომისტ ანატოლი ოტირბას აზრით, ვითარება «იმდენად სერიოზულია, რომ ეროვნული და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს». «მიუხედავად იმისა, რომ «ჩერნომორენერგოს» ხელმძღვანელობის მტკიცების თანახმად, აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-ს [რეალურად, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტია, ზამთრის სეზონზე კი 100%-საც აღწევს], კომპლექსის საკვანძო ობიექტები კი ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული, თავად კომპლექსი იურიდიულად ქართულია და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ობიექტი მის ბალანსზეა. ანუ, იურიდიულად, ენგურჰესის მთელი კომპლექსი ქართულია და აფხაზური იქ არაფერია. მეტსაც გეტყვით, ელექტროენერგიის ის წილიც, რომელსაც აფხაზეთი იღებს, იურიდიულად არანაირად არაა გაფორმებული», - ამბობს ოტირბა. მისივე თქმით, ქართულ მხარესთან მთელი ურთიერთობა ზეპირსიტყვიერ შეთანხმბას ემყარება, რომელიც, უნდა აღინიშნოს, თბილისს არასოდეს დაურღვევია.
საერთოდ, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ელექტროენერგიის გადანაწილების შესახებ ეს ომისშემდგომი შეთანხმება, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა. აგერ უკვე თითქმის სამი ათწლეულია, საქართველო, თუნდაც არა თავისი ფულით, არემონტებს, ემსახურება და მეთვალყურეობს ენგურჰესს. იტყვით — რატომაც არაო? აგიხსნით: საქართველოში ენერგეტიკის ასობით დიდი და მცირე ობიექტია. ენგურჰესის დაკარგვა ქართული ენერგეტიკული დარგისთვის, რომელიც ბოლო წლებში გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, უმნიშვნელოა. მაშინ, როცა აფხაზეთისთვის ეს კატასტროფაა, რადგან კვების სხვა წყარო რესპუბლიკას არ გააჩნია. მაშასადამე, ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ რატომღაც, გაუგებარი მიზეზით აფხაზეთი ყოველ ჯერზე დაბრკოლებებს უქმნის უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ენგურჰესს არემონტებენ. მაგალითი ბევრი იყო და განსხვავებული. ერთ-ერთი ბოლო ასეთია: კომპანია, რომელმაც 2019 წელს საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და სადგურისკენ გზა უნდა აეშენებინა, უკვე დიდი ხანია, ვერ იწყებს სამუშაოებს რუსი მესაზღვრეების მიერ გამოგონილი ათასგვარი მიზეზის გამო.
აფხაზურ ენერგეტიკაში არსებული ვითარება ცნობილ ამერიკულ ატრაქციონს მოგვაგონებს. ყოველწლიურად, ელექტროენერგიის გათიშვის პერიოდში იწყება ტრადიციული ფართო განხილვა, როგორ დავფაროთ ღირებულება გადადინებისა, რომელიც ყოველთვის თითქოსდა რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა. თუმცა მიმდინარე წლის იანვარში, როდესაც რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრი გათიშვები დაიწყო, მოულოდნელად ამოტივტივდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «საქართველო კვლავ ყიდულობს რუსულ ელეტროენერგიას დენის გარეშე დარჩენილი აფხაზეთისთვის მისაწოდებლად». მეტიც, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთიდან აფხაზეთის ენერგომომარაგება რუსულ კომპანია «Интер РАО»-სა და საქართველოს ენერგოსისტემის კომერციულ ოპერატორს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება. სამინისტროს მონაცემებით, ამ მიზნით «Интер РАО»-სთან გაფორმდა «მოკლევადიანი კონტრაქტი და აფხაზეთი ელექტროენერგიას გადამცემ ხაზ «სალხინოთი» მიიღებს, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია».
შოკი! აფხაზეთის მოსახლეობის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ეს განცხადება, რომელსაც მოგვიანებით «Интер РАО»-ს პრეს-სამსახური გაემიჯნა, ფარდას ხდიდა ფულის გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩრდილოვან სქემას. ყველაფერი მარტივია. ყოველწლიურად აფხაზეთის ბიუჯეტი საშუალოდ 600 მლნ რუბლს ხარჯავდა იმ ელექტროენერგიაში, რომელსაც რესპუბლიკას ავარიების დროს რუსეთი აწვდიდა. გამოდის, რომ იმავე დროს საქართველო რუსეთს იმავე ელექტროენერგიაში უხდიდა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ტყუილს ფარდა აეხადა. მაგრამ განმარტება აფხაზეთის მოსახლეობისთვის არავის მიუცია. უამრავი სხვა პრობლემის ფონზე ამ საკითხმა დროთა განმავლობაში ჩრდილში გადაინაცვლა. თუმცა ხალხს არ დაჰვიწყებია. და ახლა, როცა პრობლემამ აფხაზეთში კვლავ წამოყო თავი, საკითხი დღის წესრიგში დანრუნდა. და კვლავ ხელისუფლების დუმილი.
«თუ საქართველო უხდიდა რუსეთს იმ ელექტროენერგიის საფასურს, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, რატომ არ სურს ჩვენს ხელისუფლებას, ეს გვითხრას? ეს რა, საუკუნის საიდუმლოა, თუ მორიგ რაიმე ფანდთან გვაქვს საქმე? მოგვწონს ეს თუ არა, ენერგეტიკის საკითხში საქართველოსთან გადაჯაჭვულები ვართ, ამ მიმართულებით საკითხები მთელი ამ წლების განმავლობაში უპრობლემოდ წყდებოდა. და უცებ — რაღაც აბსურდი. რა გამოდის, რომ რუსეთი ჩვენით ორჯერ ხეირობს?!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ანდრეი.
სოხუმელი არკადი კი თავის მსჯელობაში კიდევ უფრო კატეგორიულია. «ჩვენ — რიგით მოქალაქეებს რა, არ გვესმის, ეს რას ნიშნავს?! რუსეთი, როგორც კეთილმოსურნე, თითქოს გვეხმარება, რეალურად კი ჩვენს გასაჭირზე ხელს ითბობს, ართმევს რა ფულს ქართველებსაც და ჩვენს მწირ ბიუჯეტსაც! ამას მეგობრობა ჰქვია?! საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი?!» - აღშფოთებულია არკადი.
აფხაზ ეკონომისტ ანატოლი ოტირბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია ელექტროგენერატორები, რომელთა სიმძლავრე აფხაზეთის მოთხოვნას აღემატება, იურიდიულად რესპუბლიკა სრულად არის ენერგოდამოკიდებული. «ყველა ჩვენგანი, აფხაზეთის ყველა მოქალაქე დღეს უნდა ვლოცულობდეთ, რომ საქართველომ და განსაკუთრებით მსოფლიო თანამეგობრობამ აფხაზეთის პოლიტკური სუვერენიტეტი არ აღიარონ, რადგან ისინი მას საქართველოსთან დღევანდელი იურიდიული ურთიერთობების პირობებით აღიარებენ, რომელთა მიხედვით, აფხაზეთს ენგურჰესში წილი არ აქვს», - თვლის ოტირბა.
მთელი ამ ჩახლართული ამბის ფონზე ძალზე წინასწარმეტყველურად ჟღერს «ჩერნომორენერგოს» ყოფილი ხელმძღვანელის - ასლან ბასარიას სიტყვები, რომელიც მან კოლექტივთან დამშვბიდობებისას წარმოთქვა – «მთელი ომისშემდგომი წლების განმავლობაში ყველა ენერგეტიკოსი ყოველთვის იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ენერგოსისტემა ნაციონალიზებული დარჩენილიყო». ამ სიტყვებმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა ახლა, როცა აფხაზეთში რუსი სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს რესპუბლიკის ენერგოსისტემის შესასწავლად. მათი ვიზიტი აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქვეს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ დახმარების სურვილით შენიღბული ეს ვიზიტი ენერგოსისტემის გაყიდვით დასრულდება.
«რუსეთს ჩვენი ენერგოსისტემის შესყიდვა არაერთხელ უცდია, თუმცა ჩვენი ხელმძღვანელები ახერხებდნენ, ეს თავიდან აგვერიდებინა. ამჯერად, ვფიქრობ, ეს გაგვიჭირდება. მომავალ წელს ხომ ენგურჰესი სარემონტოდ ჩერდება — და რა გველის, თუ რუსეთი დენს არ მოგვაწვდის? გამოდის, რუსეთი ამ ხელსაყრელ მომენტს დაელოდა და ახლა თავისას მიაღწევს», - დარწმუნებულია ჩვენი რესპონდენტი ადგური. მისივე აზრით, რუსეთი აფხაზეთის შანტაჟს დაიწყებს, ამ გზით საბოლოოდ სასურველს მიაღწევს და აფხაზეთს თავისი ენერგოუსაფრთხოების დავიწყება მოუწევს.
P.S.
აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები რიგით მოქალაქეებზე ორჯერ ნაკლებს იხდიან. სადღეისოდ ფიზიკური პირებისთვის ტარიფი 1 კვტ-ში 40 კაპიკს შეადგენს. რუსი სამხედროები კი, რომლებიც სახელისუფლებო ორგანოებთან არიან გათანაბრებულები, 20 კაპიკს იხდიან.
გამოდის, რომ აფხაზეთი, რომელიც დენს რუსული კომპანიებისგან თითქმის 3 რუბლად ყიდულობს, შემდეგ მას რუს სამხედროებს 20 კაპიკად აწვდის.
საქართველო კი, თავის მხრივ, რომელიც ელექტროენერგიის აფხაზეთში გადადინებას აფინანსებს, კომფორტს სჩუქნის არა მარტო რესპუბლიკის მოსახლეობას, არამედ რუს სამხედროებსაც, რომელთა რაოდენობა აფხაზეთში წლიდან წლამდე იზრდება.
ასტანდა ბგანბა
_____________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
_____________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას