
როგორ შეაშფოთა აფხაზეთში რუსეთის ელჩი «აქცენტის» «ძირგამომთხრელმა პროპაგანდამ»
16/08/2020 16:12:58 კონფლიქტები
რამდენიმე დღის წინ სოხუმში რუსულ-აფხაზური ფორუმი «აფხაზეთი — საინფორმაციო უსაფრთხოების კონტექსტში» ჩატარდა. ღონისძიება რუსული კულტურული ფონდის «სამართლიანობა. კეთილდღეობა. განვითარება» მიერ იყო ინიცირებული — ორგანიზაციისა, რომელსაც აფხაზეთში ერთეულები თუ იცნობენ.
მიწვეულთა სია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო — რუსეთის ელჩი, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ვიცე-პრემიერი, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, ასევე საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები და კაზაკთა თემის წარმომადგენლები.
განიხილებოდა აქტუალური (და არა მარტო აფხაზეთისთვის) საკითხი – ფეიქები, საინფორმაციო ომი და პროპაგანდა. რაღა თქმა უნდა - ქართული, რომელმაც ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში აქტიურად დაიწყო გავრცელება. და ეს ყველაფერი — რუსულ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში.
სპიკერები მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდნენ, მაგრამ რაღაცნაირად მეტისმეტად პათოსურად და უმეტესწილად «უმწიფარი აფხაზური ტვინების» პრიზმაში, რომლებიც, აქაოდა, «ქართული საინფორმაციო მანქანის ხლართებში ვერ გაერკვევიანო».
მაგალითად მოჰყავდათ საინფორმაციო სააგენტო «აქცენტის» მასალები, რომლებიც, ფორუმის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, აფხაზეთის «მოზარდი თაობის დეზორიენტაციაზეა» მიმართული. თუმცა დამსწრე საზოგადოებისთვის ამ მასალების დეტალური ანალიზის წარდგენა დეზინფორმაციის ან სიცრუის თემაზე, ან თუნდაც მათი ტექსტის გაცნობა არავის უცდია. მხოლოდ იმის დეკლამირებით შემოიფარგლნენ, რომ ყველა ეს მასალა «აფხაზური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული» — და მონაწილეებმაც თანხმობის ნიშნად თავის ქნევა დაიწყეს.
ფილოსოფიურად დაწყებული საუბარი ნამდვილ პოლიტიკურ წარმოდგენაში გადაიზარდა. პირველმა მაგიდაზე ხელთათმანი რუსეთის ელჩმა დააგდო. ალექსეი დვინიანინმა ქართული მედია ანგაჟირებულობაში დაადანაშაულა - როგორც ყოველთვის. მაგრამ პირველად გააჟღერა აღიარება იმისა, რომ ხსენებული პუბლიკაციები ძალზე წარმატებულად აჩენენ ბზარს და აზიანებენ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს.
დიპლომატის თქმით, აფხაზეთსა და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ესოდენ მასირებული საინფორმაციო დარტყმის მიზეზი ფულია, უფრო ზუსტად - «მილიონობით დოლარი, რომელსაც აშშ-ის კონგრესი, ბრიტანული და სხვა ევროპული არასამთავრობო სტრუქტურები», ასევე სხვა ბევრი ვინმე «ლპობადი დასავლეთიდან» ამ მიზნით ხარჯავს.
არ მოვყვები ყველაფერს, რისი შეტყობაც ამ შეხვედრის შესახებ მოვახერხე, რადგან არსობრივად, პოლიტიკოსების პოპულისტურ განცხადებებს იქით საქმე არ წასულა - არანაირი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. თუმცა არა: სადღაც შეხვედრის შუაში რუსული საზოგადოებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებმა აფხაზ ჟურნალისტებს «ქართული საინფორმაციო მანქანისთვის» წინააღმდეგობის გასაწევად გარკვეული დახმარება შესთავაზეს, მაგრამ ფორუმზე არც მისი დეტალები დაკონკრეტებულა.
ინფორმაცია ფორუმის შესახებ რესპუბლიკის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა, მათ შორის — აფხაზურმა ტელეარხებმა. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში რეაქცია მოსალოდნელის საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ფსევდო-პატრიოტიზმისა და «აფხაზი ხალხის მიმართ დიდი სიყვარულის» მთელი ამ შირმის უკან მოსახლეობამ არა უბრალოდ რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევის, არამედ ზეგავლენისა და კონტროლის მცდელობა განჭვრიტა.
«თავი ვინ ჰგონიათ ამ ფორუმზე შეკრებილთ?! გადაწყვიტეს, გვირეგულირონ, რა, სად და ვინ წეროს? იქნებ ეხლა რუსეთმა გვაკონტროლოს კაზაკების სახით?», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი გიორგი. ახალგაზრდამ უკიდურესად კრიტიკულად მიიღო სიახლე იმის შესახებ, რომ «აფხაზების მაგივრად ვიღაც რუსეთიდან გადაწყვეტს რესპუბლიკის ბედს, მომავალს». «აფხაზეთის თითოეულ მაცხოვრებელს აქვს სიტყვის, აზრის თავისუფლების უფლება. ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. რუსეთმა კი ჩვენი კონტროლი, ჩვენთვის ამ უფლების წართმევა გადაწყვიტა», - დარწმუნებულია ახალგაზრდა. გიორგის არ ესმის, რატომ დაიწყო რუსეთმა მოულოდნელად იმდენად მტკივნეულად რეაგირება ქართული მედიის პუბლიკაციებზე, რომ ამას ფორუმიც კი მიუძღვნა. «იქნებ, საქმე იმაშია, რომ რუსეთში არ სურთ, აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ მთელმა მსოფიომ შეიტყოს? რუსეთისგან ამდენი ფინანსური დახმარება მივიღეთ, ქვეყანა კი როგორც იყო ჭაობში, ისეა ახლაც. ამის დამალვას აზრი აღარ აქვს. ქართველებს კი არაფრის გამოგონება არ სჭირდებათ, ისედაც ყველაფერი ნათელია», - თვლის გიორგი.
სტუდენტი არკადი საერთოდაც, მიმდინარე მოვლენებში «დესპოტიზმისა და ავტოკრატიის» დასაწყისს ხედავს. «ჩვენზე რაღაც ზრუნვის საფარქვეშ რუსეთი ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე — როგორც საზოგადოებრივზე, ისე კერძოზე ტოტალური კონტროლის შემოღებას ცდილობს. მხოლოდ ასე შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა აღიქვას მთელი ეს აბსურდი სახელწოდებით «აფხაზეთი — საინფორმაციო უსაფრთხოების კონტექსტში», - დარწმუნებულია ახალგაზრდა. არკადის აზრით, ყველაფერი, რაც აფხაზეთის შესახებ იწერება, ტყუილი როდია. «როდესაც ქართული მედია ახალგაზრდობის პრობლემებზე, განვითარების არარსებობაზე მიუთითებს, ეს რა, ტყუილია? ჩვენ ხომ მართლაც არ ვიცით, რა მომავალი გვექნება, რა გველის ხვალ. და ამაშიც ყველაა ირგვლივ დამნაშავე? თავად არ ვაძლევთ უფლებას, წლიდან წლამდე ისე გვატრიალონ, ისე ატრიალონ ჩვენი ცხოვრება, როგორც უნდათ? დადგა დრო, ვუთხრათ «stop!» და არა მარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვისაც სურს, ჩვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები, აკონტროლოს ჩვენი ცხოვრება და მომავალი», - დარწმუნებულია ახალგაზრდა.
«აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევა შესაძლოა, რუსეთის ყველაზე დიდ შეცდომად იქცეს. არც რუსეთს, არც ვინმე სხვას აქვს უფლება, აფხაზებს ხმის, არჩევანის უფლება წაართვას. დროა, ისინი ამას მიხვდნენ», - ამბობს ოჩამჩირელი ალხასი.
ჩვენი რესპონდენტების აზრით, აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორის «შფოთვა» გასაგებია. თავად რუსეთში ჩამოყალიბებული რეჟიმი უკვე რამდენიმე ათწლეულია, ჰკარნახობს თავის ხალხს ცხოვრების წესს და ახლა გადაწყვიტეს, ზემოქმედების ეს მეთოდი აფხაზეთთან მიმართებაშიც გამოიყენონ. შემთხვევითი სულაც არაა, რომ უკვე რამდენჯერ გამოითქვა აფხაზურ საზოგადოებაში აზრი, რომ მისი თანხმობის გარეშე რუსეთი აფხაზეთის ვინმესთან დაახლოებას არ დაუშვებს.
და იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ქართული მედია აფხაზეთის ამჟამინდელ მდგომარეობას, მისი მაცხოვრებლების, მათ შორის ახალგაზრდობის რთულ ყოფას, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების არევას აღწერს, იგნორირება ვერ გაეწევა. «ყოველგვარი აგრესიის გარეშე ისინი ჩვენი ცხოვრების რეალობას გვიჩვენებენ. და ეს რეალობა, გულწრფელად რომ ვთქვათ, შემაძრწუნებელია. ჩვენ ხომ თავადაც ვიცით, რომ ყველაფერი რიგზე როდი გვაქვს, უბრალოდ მზერა გვერდიდან ბევრ პრობლემას ხდის ფარდას — არა გამოგონილს, არამედ ნამდვილს და რეალურად არსებულს», - ამბობს ალხასი.
რუსეთის მცდელობა, აფხაზეთთან ურთიერთობების ნგრევაზე პასუხისმგებლობა ქართულ, აფხაზურ, ევროპულ და ამერიკულ მედიას გადააკისროს, სრულიად უადგილო და სასაცილოა. ამის მაგივრად საჭოროა შეცდომებზე მუშაობა, უთანხმოების მიზეზების ანალიზი. სამომავლოდ ხომ ეს ბზარი, რომელიც, რუსეთის ელჩის განცხადებით, ორი მეგობრული ქვეყნისა და მეზობლის ურთიერთობებში შეაქვთ, სრულიად შესაძლებელია, მათი ურთიერთზურგშექცევის მიზეზად იქცეს. თუმცა აფხაზეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა სხვა გზა არჩია - ზეწოლისა და კონტროლის. ეს კი, როგორც ცნობილია, არის გზა არსაით. მით უფრო, რომ აფხაზეთში სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები საქართველოსა და თურქეთთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე. და ეს არ არის პირველი სიგნალი, რომელსაც რუსეთი ჯიუტად იგნორირებს, ართმევს რა აფხაზეთის მაცხოვრებლებს არჩევანის თავად გაკეთების შესაძლებლობას.
კრისტინა ავიძბა
_________________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
_________________________________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას