
ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საპროტესტო ბანერებით მივიდა
30/05/2025 14:16:00 პოლიტიკა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღეს დაცვის მხარის სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
პროცესს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ესწრება. სადიგოვი ქართულ ციხეში 161 დღე შიმშილობდა, ევროსასამართლოს ჩარევით ის 17 აპრილს გაათავისუფლეს. სადიგოვი პროცესზე საპროტესტო ბანერებით არის მოსული და აცხადებს რომ ივანიშვილი "ქილერი და დიქტატორია".
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე პატიმრობაშია.