
რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ იუწყებიან
09/04/2025 17:01:41 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის ძალებმა 158 უკრაინული დრონის ჩამოგდება მოახერხეს რუსეთის რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით, დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის, როსტოვის, ჩრდილოეთ ოსეთის, ვორონეჟის, კურსკის, ბელგოროდის, პენზის, სარატოვის, ორლოვის, სტავროპოლის ოლქებსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმის თავზე. რუსეთის მტკიცებით, კიდევ 7 დრონი ჩამოაგდეს აზოვის ზღვის, ხოლო 6 დრონი შავი ზღვის აკვატორიებში.
Astra, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, წერს, რომ დრონებით იერიში მიმართული იყო მოზდოკის სამხედრო აეროდრომზე. სწორედ ამ აეროდრომიდან უშვებს რუსეთი МиГ-31К და Ту ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომელთა გამოყენებითაც იბომბება უკრაინის ტერიტორიები.
Astra ასევე წერს, რომ დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის პენზის ოლქის სერდობსკის რაიონზე, სადაც სამხედრო ნაწილის №58661-90 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის საწყობი მდებარეობს.
ამასთან, ორენბურგის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი სოლნცევი წერს, რომ დრონებით იერიში ასევე მიიტანეს რეგიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ რელიზში ორენბურგის ოლქი ნახსენები არ არის.