
ტრამპმა ჩინეთს ტარიფი 104%-მდე გაუზარდა
09/04/2025 05:20:15 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეიდან, 9 აპრილიდან ამოქმედდა. 50%-იანი ტარიფის დამატება ნიშნავს, რომ ჩინეთიდან იმპორტზე გადასახადი 104%-ს შეადგენს.
ტრამპმა 7 აპრილს განაცხადა, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 2 აპრილს 34%-იანი ტარიფი დაუწესა, საპასუხო ზომაზე უარს არ იტყოდა, კიდევ 50%-ით დაბეგრავდა. ჩინეთმა კონტრზომაზე უარი არ თქვა და აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციასაც 34%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა.
დამატებით 50%-იანი ტარიფით ტრამპის მუქარის შემდეგ, 8 აპრილს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ "არ აპირებენ, შეეგუონ შეერთებული შტატების მხრიდან მზარდ ზეწოლას და შანტაჟს და წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ".
პეკინის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლება კონტრზომებს მიმართავს თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და საერთაშორისო ვაჭრობაში წესრიგის შესანარჩუნებლად.