კარასინი ევროკავშირის ელჩს "საქართველოს მოქალაქეების დაშინების მცდელობაში" ადანაშაულებს
18/10/2024 15:51:58 ევროპა, პოლიტიკა
ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი თბილისში ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკის "საქართველოს მოქალაქეთა შანტაჟისა და დაშინების მცდელობაში" ადანაშაულებს.
ასე გამოეხმაურა კარასინი ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ საქართველო უნდა იქცეს ერთპარტიულ სახელმწიფოდ, ოპოზიცია აიკრძალოს, სამოქალაქო საზოგადოება განიდევნოს, თუ დასთანხმებიან იმას, რომ საქართველო იქცეს ადგილად, სადაც არ იარსებებს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და ყველა ადამიანის უფლება არ უნდა იყოს დაცული, მაშინ ღიად უნდა ითქვას - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ, არც 2030 წელს".
რუსი მაღალჩინოსანი შეეცადა, მოსკოვის მიერ უკვე დაუფარავად მხარდაჭერილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსრულებელ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გაუთავებელ შეურაცხყოფაზე ელჩის ეს მკაფიო პასუხი ისევ ჩვეული კრემლისტური ანტიდასავლური პროპაგანდისთვის და საქართველოს მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად გამეყენებინა - ზუსტად ისევე, როგორც ამას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკის საპასუხოდ.
"თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი, ეროვნებით პოლონელი. ამ ბატონმა, რომელიც თითქოსდა დიპლომატია, გამაკვირვა თავისი პირდაპირობითა და სიხისტით. <...> ითქვა, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ, არც 2030-ში, თუკი ქვეყანაში მმართველობის ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ითქვა უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ფონზე. ვთქვათ, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის უხეში დარღვევაა - ნიშნავს არაფერი ვთქვათ! ფაქტობრივად, მიმდინარეობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეთა პირდაპირი შანტაჟი და დაშინება! ამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული თავმოყვარეობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელშიც უნდა მიაქციონ ყურადღება - თუმცა იქ ხომ უკვე დიდი ხანია, დაივიწყეს ელემენტარული ზრდილობა" - წერს კარასინი თავის ტელეგრამ-არხში.
ამასთან, საქართველოს "დამოუკიდებელ ქვეყნად" მოხსენიებისას რუსი მაღალჩინოსანი არ იმჩნევს, რომ თავად იმ ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ორი რეგიონი დღემდე აქვს ოკუპირებული, გამოცხადებული "დამოუკიდებელ ქვეყნებად" და სადღეისოდ უკვე მათ ანექსიაზეა გადასული; რომელიც დღემდე აგრძელებს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მცოცავ ოკუპაციას; რომელიც მსგავსი განცხადებებით სწორედაც რომ უხეშად ერევა დამოუკიდებელი საქართველოს შიდა საქმეებში და საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებასაც აქტიურად ცდილობს.
ცნობისთვის: ევროკავშირის, აშშ-ის ადმინისტრაციის, ცალკე აღებული ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების, ასევე უფლებადამცველი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების კრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით თავად "ოცნების" მთელი რიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა და კრემლის კვალდაკვალ აქტიური ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდის ფონზე დაიწყო.
საუბარია, კერძოდ:
- ე.წ. "გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზე, ოფშორებისა და ლგბტ-თემის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივებზე;
- ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქციების მონაწილეთა დარბევებზე, დაკავებებსა და დაჯარიმებაზე;
- "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველ პირთა ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ ნარატივებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით იმეორებს კრემლის ტრადიციულ ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდას და ა.შ.
მიუხედავად დასავლელი პარტნიორების მრავალგზის მოწოდებისა, "ქართულ ოცნებას" შეეწყვიტა დემოკრატიისგან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული კურსისგან გადახვევა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არაერთგზის მტკიცედ გამოხატულ ნებასთან, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს ამ ქმედებებს, დასავლელი პარტნიორების შესაბამის კრიტიკას კი სულ უფრო ხისტი, დიპლომატიისა და თუნდაც პოლიტიკოსთა ეთიკისთვის შეუფერებელი ფორმისა და შინაარსის განცხადებებით პასუხობს.
შედეგად საქართველოს მთავრობას უკვე შეუწყდა მთელი რიგი პროექტების დაფინანსება, რიგ დეპუტატებს სავიზო სანქციები შეეხოთ, შსს-ს ორი მაღალჩინოსანი "მაგნიტსკის სიაში" მოხვედრილ პირველ ორ ქართველად იქცა და სავიზოსთან ერთად, ფინანსური სანქციების ქვეშაც მოექცა, აშშ-ის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა უარი თქვეს "ოცნების" ხელისუფლების წევრებთან მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კი უკვე ოფიციალურადაა შეწყვეტილი, რასაც ყოველ ჯერზე დაუფარავი კმაყოფილებით ეხმიანება მოსკოვი "ოცნების" მიმართ დამცველი და მაქებარი განცხადებებით.