
მედია: საფრანგეთში ორ რუს ბიზნესმენს 70 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვეს
14/10/2024 14:37:43 ევროპა
საფრანგეთის სასამართლომ 70 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები ჩამოართვა რუსული წარმოშობის ორ ბიზნესმენს ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ AFP და Le Monde საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
მედიის ცნობით, საფრანგეთის პროკურატურამ მარტში დაიწყო გამოძიება რუსული წარმოშობის ბიზნესმენების - რუსლან გორიუხინისა და მიხაილ ოპენგეიმის მიმართ, რომლებიც კვიპროსის პასპორტებს ფლობენ.
AFP-ის თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ გამოძიებამ დაადასტურა ეჭვები უძრავი ქონების შესაძენად გამოყენებული თანხების რეალური წარმოშობის დამალვის შესახებ.
„გამოძიება ეხება უძრავი ქონების შეძენას კვიპროსში ან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კერძო კომპანიების მიერ გაცემული სესხებით“, - აცხადებენ პარიზის პროკურატურაში.
შედეგად, სასამართლომ დაამტკიცა 22,5 ჰექტარი ფართობის მქონე ქონების კონფისკაცია გრასში, ვილების და ძვირადღირებული მანქანების.