
შამბა: "აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება"
08/08/2024 15:03:06 კონფლიქტები
მოსკოვს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეს რაიონში მუდმივი დისლოცირების რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ჩამოყალიბების გეგმის აფიშირება არ სურს. გარდა იმისა, რომ რუსულ მხარეს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ოჩამჩირეს პორტში აქტიურად მიმდინარე გაღრმავება-გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსკოვის არსურვილზე მეტყველებს აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას დღევანდელი მტკიცებაც, თითქოს "ქალაქ ოჩამჩირეში არანაირი რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება".
„ოჩამჩირეში არის სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განუცხადა შამბამ რუსულ ТАСС-ს.
მისივე თქმით, "შავი ზღვა კვლავ დაძაბულობის რეგიონად იქცა, იქ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ნატო–ს ხომალდები, დაფრინავენ აშშ-ისა და ნატო–ს სადაზვერვო თვითმფრინავები".
„არ შეიძლება ეს არ გვაღელვებდეს. ის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიაში, ესეც გვაღელვებს. შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები ჩატარდება და ვინ მოვა ხელისუფლებაში უცნობია. თუ სააკაშვილის მომხრეები (ამჟამინდელი ოპოზიცია) მოვლენ ჩვენ მათი მხრიდან რაიმე სახის ავანტიურას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ შედეგი ჩვენთვის იქნება სავალალო. არავის სურს ახალი ომის გაჩაღება, ეს ახალი მსხვერპლია. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენ არ გვჭირდება“, - განაცხადა შამბამ.
ცნობისთვის: 2024 წლის იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" იმჟამინდელმა დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო ფლოტის ბაზას აშენებდა და იგი 2024 წელს მის ამოქმედებას არ გამორიცხავდა. შამბა აცხადებდა, რომ იმჟამად რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების ეტაპზე იყო და სამშენებლო სამუშაო დაწყებული ჯერ არ იყო. იგი ვერ აკონკრეტებდა, რა ტიპის ხომალდები განთავსდებდებოდა ფლოტის არეალში.
2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობდა, რომ "რუსეთთან ხელმოწერილია ხელშეკრულება ფლოტის ოჩამჩირის რეგიონში განთავსებაზე". ამასთან, 2017 წლიდან ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის "ეფესბეს" საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი არსებობს.
ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.
რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა საგრძნობლად დააჩქარა.
რუსული ბაზა ოჩამჩირეში: უსაფრთხოების განარტი, თუ სამიზნე?
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021