Accentnews.ge
რუსული ბაზა ოჩამჩირეში: უსაფრთხოების განარტი, თუ სამიზნე?

რუსული ბაზა ოჩამჩირეში: უსაფრთხოების განარტი, თუ სამიზნე?

25/01/2024 18:58:23 კონფლიქტები

გასული წლის ოქტომბერში მოსკოვიდან დაბრუნებულმა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ სახტად დატოვა თანამემამულეები განცხადებით, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საფუძველზე სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს.

სახტად - იმიტომ, რომ აფხაზების უმრავლესობა ვერც მიხვდა, რა დამოკიდებულება ჰქონოდა ამ სიახლის მიმართ - გაჰხარებოდა, თუ შეშფოთებულიყო. ბოლო დროს ხომ მოსკოვის „კეთილი“ ზრახვები აფხაზეთისთვის სულ სავალალო შედეგებით მთავრდება.

ამ სიურპრიზის უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად „პრეზიდენტს“ დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ამოუდგა გვერდში და განაცხადა, რომ შეთანხმება არა იმ დღეს, არამედ ბევრად ადრე, წინა შეხვედრებზე იყო მიღწეული.

და მართლაც, საუბრები ოჩამჩირეში რუსული ბაზის თაობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. იქ რამდენიმე რუსული სადარაჯო კატარღაც განთავსდა უშიშროების ფედერალური სამსახურის რადიოსალოკაციო გემებთან ერთად. მაგრამ ამით იმ დროიდან მოყოლებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ყველა მოქმედება შეწყდა.

ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში რუსეთის „ელჩი“ მიხეილ შურგალინი ირწმუნებოდა, რომ აფხაზეთში რაღაც ახალი სამხედრო ბაზის შექმნა არ იგეგმებოდა. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინის ომი, რომელმაც კრემლის პროგნოზები ვერ გაამართლა, გაჭიანურდებოდა, რუსულ გემებს კი არა მარტო ცნობილი მიმართულებით გაუშვებდნენ, არამედ სევასტოპოლიდანაც გააბუნძულებდნენ. ამიტომაც გახდა საჭირო სათადარიგო აეროდრომის, ანუ პორტის მოძიება, აფხაზეთი კი საუკეთესო ვარიანტი გამოდგა, რადგან რუსეთისთვის „სტრატეგიული პარტნიორიცაა“, თან ხელსაყრელი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიც გააჩნია ხომალდების ბაზირებისთვის. და მართალია, ბაზირების პუნქტი არა სრულფასოვანი ბაზა, არამედ ჯერ მხოლოდ მცირე ასლია მისი, მაგრამ როგორც რუსი სამხედრო ექსპერტები თვლიან, იგი შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილის უკრაინელთა სარაკეტო დარტყმების არეალიდან გაყვანის შესაძლებლობას შექმნის.

გასული წლის ოქტომბერში, როცა ბჟანია იმ განცხადებას აკეთებდა, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების პერსპექტივა საკმაოდ შორეულად გამოიყურებოდა არცთუ ღრმა და დიდი პორტის ტექნიკური მახასიათებლების გამო. მაგრამ ამასწინათ იგივე შამბამ განაცხადა, რომ რუსული ხომალდების ბაზირების პუნქტის ფუნქციონირება უკვე წელს შეიძლება, დაიწყოს. BBC-ს მონაცემებით კი, უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ოჩამჩირეს პორტში ფსკერის დამაღრმავებელი და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. თუმცა საჰაერო შეტევებისგან დამალვის მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება უკრაინის მიერ დიდი სიშორის რაკეტების გამოყენების შემთხვევაში.

თავად აფაზეთში ამ საკითხისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დე-ფაქტო ხელისუფლება მოსკოვის ინიციატივას მხარს უჭერს (შესაძლოა, იძულებით) და „ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზად“ ასახელებს. ზოგიერთი ადგილობრივი ასევე ინუგეშებს თავს აზრით, რომ დამატებითი ბაზის განთავსება საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთს „საქართველოს თავდასხმისგან“ დაიცავს და ამასთანავე, შავი ზღვის სანაპიროზე ნატო-ს მოქმედებისთვის თვალის დევნების შესაძლებლობას შექმნის. უფრო რაციონალურები კი თვლიან, რომ ეს ბაზა აფხაზეთისთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება, სამაგიეროდ შეუძლია, რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს.

მაგალითად, ჟურნალისტმა როინ აგრბამ ინტერნეტ-გამოცემა „Кавказский узел“-თან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ უსაფრთხების ამაღლების თვალსაზრისით ბაზას „პლუსები“ ვერ ექნება, რადგან საქართველოს არ გააჩნია რესურსები საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, აი „მინუსები“ კი - ნამდვილად: უკრაინულ დრონებს ოჩამჩირემდეც შეეძლებათ ჩაღწევა - და აფხაზეთში ომი მივა.

აგრბა უდავოდ მართალია! უკრაინის ხელისუფლებას ხომ უკვე არაერთგზის განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს ყველგან მისწვდება. ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირდაპირ მიუთითა აფხაზეთზე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ალექსეი ნეიჟპაპამ კი ასევე მკაფიოდ მიანიშნა, რომ კიევს შეუძლია, რუსულ ხომალდებს ოჩამჩირეს ახალ საზღვაო ბაზაზეც დაარტყას.

სოხუმში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელებს ამის ნებას არ დართავს. მართლაც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამემამულეების ბედი თბილისისთვის სულერთი არაა და საქართველოს ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მის, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ესკალაცია არ დაუშვას. მაგრამ ეს ნაკლებად იქნება შესაძლებელი, თუკი ოჩამჩირეში მყოფი რუსული გემები უკრაინის მიმართულებით დარტყმებს განახორციელებენ და ამით კიევს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებენ. არსობრივად ხომ უკრაინელებს სრული მორალური და იურიდიული უფლება ექნებათ ამის - არა აფხაზეთის მიმართ დარტყმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც მათ, ცხადია, არ სურთ, არამედ იმ კუთხით, რომ უბრალოდ იძულებულნი იქნებიან, მსგავს სცენარს მიმართონ ოჩამჩირეში იმ რუსული გემების განთავსების გამო, რომლებიც ომში არიან ჩაბმულები და საფრთხის ქვეშ აყენებენ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ნათელია, რომ რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის განთავსებისას არა აფხაზეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს, არამედ საკუთარ პრობლემებზე ზრუნავს. მეტიც, ამ პრობლემების გადაჭრისას რუსეთი აფხაზეთს აყენებს საფრთხის ქვეშ, ჩათრეული აღმოჩნდეს სხვის ომში.

მაგრამ არაერთი აფხაზი ჯერ კიდევ აგრძელებს საუბარს თბილისის მხრიდან შესაძლო „რევანშისტულ“ ნაბიჯებზე. არადა, როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის მმართველობისას საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და არანაირი სურვილი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისკენ იარაღით ხელში დაიძრან, თბილისში ნამდვილად არ აქვთ. უპირველესად - იმიტომ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ადგილობრივები - საქართველოს მოქალაქეები, ხოლო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ომი ოფიციალური თბილისისთვის სრულიად მიუღებელია. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდან ომი ყველაფრის დასასრული იქნებოდა - როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესაძლებლობის, ისე ესოდენ ახლო პერსპექტივის, ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, სადაც თავის მომავალს ქართველების უმრავლესობა ხედავს. ამასთან, იმაში, რომ ძალის გამოყენება კონფლიქტის გადაჭრის გზა არაა, ერთიანნი არიან ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, სამოქალაქო საზოგადოებაცა და რიგითი მოქალაქეებიც.

რაც შეეხება ნატო-ს, რუსეთს მთელი ეს წლები ოჩამჩირეს ბაზის გარეშეც გაჰქონდა თავი - მაშინაც კი, როცა ნატო-საქართველოს ურთიერთობები აქტიურად ღრმავდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფლოტის ფუნქციონირების მთავარი მიზანი უკრაინასთან ომში გამოყენებაა, ეს კი აფხაზეთს სერიოზულ შედეგებს უქადის.

იქნებ აფხაზები ომს არასწორი მხრიდან ელიან, „სტრატეგიული პარტნიორი“ კი ამაში „ეხმარებათ“? როგორც თავის დროზე ჟორჟ სანდი წერდა, „ღმერთო, დამიფარე მათგან, ვისიც მჯერაო“...

ეკა ცანავა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S