
ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა
30/11/2023 07:48:38 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა, – იუწყება The Associated Press.
გამოცემის ცნობით, ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალის შეხვედრის წინ გამართულ ვახშამზე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანს შეხვდა და მას სკოპიეს მიერ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქიდან ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა, სადაც 7 ოქტომბრის “ჰამასის” თავდასხმების შემდეგ, ეს მისი რიგით მესამე ვიზიტია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა იწყება. ნატო–ს წევრი ჩრდილოეთ მაკედონია ეუთო–ს მოქმედი თავმჯდომარეა.
28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო–ს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს იუწყებიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.
რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიცაა.
ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.