Accentnews.ge
ისრაელის არმია – ღაზას სექტორის მოსახლეობას: პაუზა დროებითია, ჩრდილოეთ ნაწილი სახიფათო ზონად რჩება და სამხრეთში უნდა დარჩეთ

ისრაელის არმია – ღაზას სექტორის მოსახლეობას: პაუზა დროებითია, ჩრდილოეთ ნაწილი სახიფათო ზონად რჩება და სამხრეთში უნდა დარჩეთ

24/11/2023 06:54:55 მსოფლიო

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ზავის ძალაში შესვლის წინ, დღეს დილით ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით გაავრცელა არაბულ ენაზე მომზადებული ვიდეო და ღაზას სექტორის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა.

"ჰუმანიტარული პაუზა დროებითია, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი სახიფათო ზონად რჩება და სამხრეთში, ჰუმანიტარულ ზონაში უნდა დარჩეთ", – მიმართავს ისრაელის არმია ღაზას სექტორის მოსახლეობას.

ასეულობით ათასმა პალესტინელმა ჩრდილოეთ რაიონები დატოვა და სამხრეთში გადავიდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, ისრაელის არმიამ რეგიონის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ დროებითი ზავი იქნება მხოლოდ ხანმოკლე შესვენება, რომლის შემდეგაც ინტენსიური ბრძოლები განახლდება და სულ მცირე, ორ თვეს გაგრძელდება.

  • ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ძალაში დღეს ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზას სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.

პროცესის მთავარი შუამავლის, კატარის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის უნდა გათავისუფლდეს მძევლების პირველი ჯგუფი - 13 ქალი და ბავშვი. ისრაელის ციხეები უნდა დატოვოს 39-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. მძევლობიდან გათავისუფლებულებს თავდაპირველად ეგვიპტეში გადაიყვანენ, ხოლო პალესტინელებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

გარდა ამისა, ღაზას სექტორში ყოველდღიურად უნდა შევიდეს 200 ავტომანქანა ჰუმანიტარული ტვირთიით და 130 000 ლიტრი დიზელის საწვავი.

შეთანხმების თანახმად, 4-დღიანი ზავის პერიოდში ღაზას სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ასევე, 150 პალესტინელი ქალი და არასრულწოვანი. ისინი ისრაელის საპატიმროებში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობის და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს 6-საათიანი მწვავე განხილვის შედეგად, მხარი დაუჭირა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი კატარია. პროცესში ჩართული არიან ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატებიც.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას. თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება და ღაზას სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S