
15 წლის მოზარდის ძმა, იმ სამართალდამცველებს ასახელებს, რომლებმაც, მისი თქმით, მის ძმაზე ზეწოლა მოახდინეს
16/12/2019 08:26:50 სხვა, სამართალი
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
15 წლის მოზარდის ძმა, იმ სამართალდამცველს ასახელებს, რომელბმაც, მისი თქმით, მის ძმაზე ზეწოლა მოახდინეს.
„ჩემს ძმასთან სამ პოლიციელს ჰქონდა შეხება, ესენია გამომძიებელი მარიანა ჩულოიანი და კიდევ ორი მამაკაცი პოლიციელი, რომლებმაც მიიღეს აგრესიულ გამოხტომებში მონაწილეობა. როგორც მე ვიცი, დაკითხვის დროს იყო დაძაბულობა ჩემს ძმასა და გამომძიებელს შორის და დედამ სცადა მისი დამშვიდება, როგორც ისინი აცხადებენ, მოხდა გარიდება იგივე სივრცეში, თუმცა დედა ამბობს, რომ ეს ასე არ მომხდარა. როდესაც დაიძაბა ვითარება ოთახში მყოფმა მამაკაცმა პოლიციელმა ჩემს ძმას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ხმაურზე გამოვიდა სხვა ოთახიდან შემოვიდა პოლიციელი და სწორედ იმან გაყვანა ჩემი ძმა დაკითხვის ოთახიდან. როდესაც იქედან გამოვიდა ჩემი ძმა იყო ატირებული და მოითხოვა სასწრაფო, თუმცა გამომძიებელმა უპასუხა, რომ თუ ის ჩათვლიდა საჭიროდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძახებდნენ სასწრაფოს. მერე დედამ ჰკითხა, რა ხდებოდა იმ ოთახში, რაზეც ჩემმა ძმამ უპასუხა, რომ პოლიციელი მას წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებით ემუქრებოდა“, – აცხადებს 15 წლის მოზარდის ძმა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელები მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115 მუხლით აღიძრა.
მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოჯახის ინტერესებს იცავს საია და ემპათია.