Accentnews.ge
«ოცნების» ახალი შანტაჟი: თამაში სახელწოდებით «დემოკრატია» დასრულებულია?

«ოცნების» ახალი შანტაჟი: თამაში სახელწოდებით «დემოკრატია» დასრულებულია?

13/12/2019 12:21:42 თვალსაზრისი, ანალიზი

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს «პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების გზად» შემოთავაზებული ცვლილებები მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ იდეის დონეზე, «გაკვრით» გაჟღერებული გეგმის აღკვეთის მცდელობას ჰგავს. საქმე იმაშია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება. ოპოზიციაში კი, რომელიც ორიენტირებულია, აიძულოს მმართველი გუნდი, შეასრულოს საკუთარი დაპირება აღნიშნული სისტემის უკვე 2020 წლისთვის ამოქმედების თაობაზე, 2020 წლის არჩევნების რაღაც ფორმით ჩაშლის იდეამ გაიჟღერა. 13 დეკემბერს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდში შედგა შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2020-დან 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2020 წლის შემდეგ შესაძლო რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტს უფლებამოსილება მხოლოდ 2024 წლამდე ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მმართველი გუნდი ამბობს, მაჟორიტარები სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს რეფერენდუმზე დააყენებენ, ხოლო რეფერენდუმის შედეგები ავტომატურად აისახება კონსტიტუციაში.  

რამდენიმე დეტალი: 

  • არავის აქვს უფლება, მიითვისოს ხელისუფლება;
  • საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების კონსტიტუციით ან კანონით გასაზღვრული ვადის შემცირება ან გაზრდა  შეუძლებელია;
  • საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113 ხმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სადღეისოდ 89 დეპუტატი ჰყავს, მათ დაემატებათ პარლამენტიდან წასული დეპუტატების მანდატები და ჯამში 93 მოიყრის თავს. 

როგორ გეგმავს მმართველი გუნდი ცვლილებების განხორციელებას? - ამ კითხვაზე მამუკა მდინარაძის პასუხი ერთგვარი პოლიტიკური შანტაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს: 

„ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაინტეესებულები არიან პოლიტიკურ სტაბილურობით, აღსრულებაში უნდა შემოგვიერთდნენ. ამ შემთხვევაში მაჟორიტარულ სისტემაზე არავინ ისაუბრებს“. 

მმართველი გუნდის ახალ გეგმას «პოლიტიკური ვირეშმაკობა» უწოდა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ. კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო დატოვა, ფიქრობს, რომ დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ მისი ყოფილი თანაგუნდელები ძალაუფლების დამატებით 4 წლით შენარჩუნებას ცდილობენ: 


„მე და ჩემი თანაგუნდელები ვეუბნებოდით ხელისუფლებას, „სწორედ იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარების დღიდან ძალაში შედის პროპორციული სისტემა, ნუ დატოვებთ შერეულ სისტემას, რადგან ეს დაგვტოვებს რყევებში“. და ახლა რა გვიპასუხა ხელისუფლებამ? - უმრავლესობამ თქვა, „ჩვენ კი დავარღვიეთ პირობა – 2020 წლის არჩევნები ჩატარდება უსამართლოდ და არაპროპორციულად, ბევრ მანდატს წავიღებთ, შეიძლება, ამის უკან ლეგიტიმაცია – საზოგადოების მხარდაჭერა საკმარისი არ იყოს, დაიწყოს რყევები, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო, მაგრამ მაშინაც, რომ არ მოგვიწიოს პროპორციული სისტემით ჩატარება და გზაში არ დავკარგოთ გარანტირებული ძალაუფლება, მოდით, ისიც შევცვალოთ, რაც კონსტიტუციითაა გარანტირებული და კიდევ 4 წელი მოვიგოთო».... უმრავლესობა ახლა გვეუბნება, «არჩევნებთან ერთად ჩავატარებთ პლებისციტს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე და თუ ეს არ გინდათ, 2024 წლამდე მოგვეცით უფლება, მანდატების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა გვქონდესო». მგონია, რომ ეს სავაჭროდ შემოგდებული თამაა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ბენიძის დაკვირვებით, «ხელისუფლება უკვე აღარც ცდილობს, ითამაშოს დემოკრატიული პროცესი, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა არააღსრულებადია, მეორეხარისხოვანია». როგორც „აქცენტთან“ საუბრისას ბენიძე ამბობს, მთავარი სწორედ გზავნილია, რომელიც მდინარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაში ღიად იკითხება:  


„ჯერ ერთი, მათ დაუყოვნებლივი საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არ აქვთ – ამისთვის არ ჰყავთ პარლამენტის 3/4; არც 2/3 ჰყავს პირველ ეტაპზე ცვლილების მისაღებად. საერთოდაც, გაუგებარია, რას ემსახურება ეს განცხადება. სავარაუდოდ, ეს ან ცინიზმია, დაცინვა პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების, როდესაც საუბრობენ, რომ შეეცდებიან, დამატებითი შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდონ კონსტიტუციაში და მაჟორიტარული არჩევნების გარანტიები ჩადონ, ან სიტუაციის ადეკვატური აღქმა აღარ აქვთ და გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. არ ვიცი, რომელია. მაგრამ მთავარი დასკვნა, რომლის გაკეთებაც აქედან შეიძლება, შემდეგია: სამწუხაროდ, მმართველი პარტია და კონკრეტული სპიკერების პირით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობენ, რომ მისი მთავარი მიზანია, დარჩეს ხელისუფლებაში და შეეცდება, ამას მოარგოს ყველანაირი საარჩევნო სისტემა და კონსტიტუცია. თავად ის, რომ იდეა არაადეკვატურია, არ არის განხორციელებადი და ა.შ. - ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარია გზავნილი. ისინი არც კი ცდილობენ დემოკრატიული პროცესის თამაშს“.  

რაც შეეხება რეფერენდუმს, როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, "რეფერენდუმის დანიშვნას პრეზიდენტის და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილება სჭირდება, მხოლოდ 200000 ხელმოწერა არ არის საკმარისი".


"ამბოხებული" მაჟორიტარების მიერ გაცხადებული რეფერენდუმის რატომ ეშინია "ქართულ ოცნებას"? პრემიერი არ გასცემს თანხმობას და დამთავრებულია, არ დაინიშნება.

გამოდის, ქართული ოცნება" ან თამაშობს და პოლიტმალაყებს ძალაუფლების "სამარადჟამოდ" გასაფორმებლად აკეთებს, ან სხვა რამის ეშინია - პარლამენტში უმრავლესობის დაშლის გაფორმების და მთავრობის ამოყირავების".

თავად ოპოზიციამ კი ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების დაცინვად შეაფასა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S