Accentnews.ge
"TBC ბანკის" შემდეგ ე.წ ტროლების სამიზნედ ელჩები იქცნენ

"TBC ბანკის" შემდეგ ე.წ ტროლების სამიზნედ ელჩები იქცნენ

07/03/2019 17:49:18 სხვა, მითები და რეალობა

“TBC ბანკის» შემდეგ პროპაგანდისტებმა სამიზნედ საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ელჩები შეარჩიეს. კერძოდ, 2 დღის წინ შექმნილი ფეისბუქ–გვერდი «London – Tbilisi», რომელიც მკითხველს თავს «ახალი ამბებისა და მედიის ვებ-საიტად» აცნობს,  ხსენებული ქვეყნების ელჩებს „ფულის გათეთრების მფარველობაში» ადანაშაულებს.

პროპაგანდისტული დეზინფორმაცია ელჩების განცხადებების შესახებ 

„ფულის გათეთრება ერთ-ერთ იმ დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამჯერად ეს ზიანი საქართველოს მიადგა. ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ «TBC ბანკის» პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე [„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი] 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში დაადანაშაულა.  [...] საქმე შესაძლოა, ჩაიფარცხოს, თუ ბრალდებული მხარდაჭერილი იქნება ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ. ისმის კითხვა: "ეს შეუძლებელია?" პასუხი ასეთია: „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ფრთხილად იმოქმედებ“, – ნათქვამია «London – Tbilisi»–ს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ გასულ თვეში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ გაკეთებულ, დადებითი დამოკიდებულების გამომხატველ განცხადებებზე დაყრდნობით ავტორი რატომღაც ავითარებს აზრს, თითქოს ეს განცხადებები „ფულის გათეთრების მფარველობის» მიზნით გაკეთდა.

დიპლომატებმა გასულ თვეში «TBC ბანკის» ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ კომენტარები რიგ მედიასაშუალებეთან, მათ შორის „აქცენტთან“ მართლაც გააკეთეს, თუმცა არც ერთი მათგანი არაა იმგვარი შინაარსის,  რომ «ფულის გათეთრების მფარველობის» აზრს ბადებდეს.

კერძოდ, 25 იანვარს  იტალიის ელჩმა bm.ge-სთან იმ სექტორებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი აზრით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც  საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე იტალია-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაში:

„საქართველო ძალიან საინტერესოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან საინვესტიციო კუთხით წარმოდგენილია მართლაც უპრეცედენტო და სანაქებო პროექტები - დაწყებული გზებით, დამთავრებული ანაკლიის პორტით. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის“, - განაცხადა იტალიის ელჩმა. 

რაც შეეხება «TBC  ბანკის» ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, ელჩი მოკლე კომენტარითშემოიფარგლა:

„ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი ამ პრობლემას, რადგან ის გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სისტემის, ასევე მარეგულირებელი ორგანოების სანდოობაზე. გარდა ამისა, მან შესაძლოა, გავლენა იქონიოს მიკროსაფინანსო სტაბილურობაზეც. სწორედ ამიტომ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“.

ამერიკის ელჩი «TBC  ბანკის» საქმეს 22 იანვარს ასე გამოეხმაურა:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება, ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის  «TBC  ბანკში». მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს“.

ბრიტანელმა დიპლომატმა ჯასთინ მაკენზიმ „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ «თანამედროვე მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, საქართველოს ამ მხრივ ბუნებრივი უპირატესობები აქვს და ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ამბიციური გამოწვევის პასუხია»:

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ვხედავთ ახალი სავაჭრო ურთიერთობების სწრაფ განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის მას ამ მიმართულებით ბუნებრივ უპირატესობას ანიჭებს. წლების მანძილზე  საქართველოს მთავრობებმა მომავალი თაობების სასარგებლოდ ამ პოტენციალის ათვისებისთვის არაერთი შესაძლებლობა გამოიყენეს. ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ამბიციური გამოწვევის პასუხია. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ანაკლიის კონსორციუმმა ხელი შეუწყო ბრიტანელი სპეციალისტების და ინვესტორების მოზიდვას. მოხარული ვარ, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპში რამდენიმე ბრიტანული კომპანიაა ჩართული“.

პროპაგანდისტული დეზინფორმაცია თემურ ქარჩავას ქონების მამუკა ხაზარაძისთვის გადაცემის თაობაზე 

ელჩების შესახებ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, სტატიაში აღნიშნულია, რომ „მოქალაქე თემურ ქარჩავას ანაკლიის მიმდებარედ მიწები უკანონოდ ჩამოერთვა» და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელსა და «თიბისი ბანკის» თანადამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს «გადაეცა».

რეალურად, თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთვა.

ზუგდიდში დაბადებული თემურ ქარჩავა 2004 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა, სადაც კრემლის სიახლოვეს განთავსებულ ვიპ-კლუბ “ნაციონალს” ფლობდა.  kommersant.ru-ს  ცნობით, 2004 წელსქარჩავა რუსმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ქარჩავამ სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საფინანსო ურთიერთობების, სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფო ფინანსური აქტივების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  დენის მიხაილოვსქრთამის სახით ავტომობილი Mercedes SLK 350 გადასცა.

გარდა ამისა, ქარჩავას რუსი სამართალდამცველები ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენებას ედავებოდნენ. სასამართლომ იგი ქრთამის მიცემის ნაწილში გაამართლა, თუმცა ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ნაწილში 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა. ამის შემდეგ ქარჩავამ რუსეთი დატოვა და როგორც ქართული წყაროები იუწყებოდნენ, ლონდონში ცხოვრობდა.

მოვლენათა ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, თეიმურაზ ქარჩავამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლიდანდაიწყო. მის 100%-იან წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანია „ანაკლია პორტს“ სოფელ ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა.

შპს „ანაკლია პორტმა“ 2009 წლის 20 ოქტომბერს რეგიონული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის კონტრაქტი მიიღო, რომელიც პორტის, სატვირთო აეროპორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ასევე ახალი დასახლების ელეტროენერგიითა და საინჟინრო-ტექნიკურ უზრუნველყოფას მოიცავდა. „ანაკლია-პორტს“ ამ ობიექტებში 2013 წლამდე 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. სანაცვლოდ მან 6 340 445 ლარად მიიღო 2 113 ჰა მიწა, ანუ 298 კერძო ნაკვეთი.

2012 წლის ზაფხულში მთავრობამ „ანაკლია-პორტის“ ქონების კონფისკაცია მოახდინა იმ მიზეზით, რომ კომპანია მშენებლობისთვის დათქმულ ვადებში ვერ ეტეოდა.  2012 წლის სექტემბერში ეკონიმიკის სამინიტრომ თეიმურაზ ქარჩავას სასამართლოში უჩივლა და მისგან საინვესტიციო პირობების დარღვევის გამო 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. 2013 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს «საკანონმდებლო მაცნეში» გამოქვეყნებულ 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ქარჩავას სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არეალში მოექცა, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ორგანიზაციამ - შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“ ქარჩავას ქონების გამოსყიდვის მიზნით მიმართა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკომპენსაციო თანხის შეთავაზებაზე ქონების მესაკუთრის, კერძოდ მისი რწმუნებულისგან არც თანხმობა მიუღია და არც უარი:

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროპაგანდისტული დეზინფორმაცია 

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა «TBC ბანკის» პრეზიდენტ მამუკა ხაზარაძეს 17 მლნ დოლარის გათეთრებას ედავება.

სინამდვილეში, ამ ეტაპზე პროკურატურას, რომელიც 17 მლნ დოლარის ტრანზაქციის კანონიერებასსწავლობს, უშუალოდ ფულის გათეთრების ეპიზოდი ჯერ დადგენილი არ აქვს და სადღეისოდ არც ბრალდებულები ჰყავს გამოვლენილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამუკა ხაზარაძეს, რომლის დისკრედიტაციასაც ცდილობს სტატიის ავტორი, თეიმურაზ ქარჩავასგან განსხვავებით, კრიმინალური წარსული არ აქვს. 

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე დაწყებული გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქართველოს ექს- პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშსწორებას წარმოადგენს. რიგი ექსპერტებისა კი ამ ფაქტს ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს და აცდახებს, რომ ამ ნაბიჯით პორტის მშენებლობის შეფერხებაა ჩაფიქრებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S