Accentnews.ge
ვინ, რისთვის და რით განახორციელა პარლამენტში აქტი, რომელიც «ოცნებამ» «სავარაუდო ქიმიურ შეტევად» მონათლა

ვინ, რისთვის და რით განახორციელა პარლამენტში აქტი, რომელიც «ოცნებამ» «სავარაუდო ქიმიურ შეტევად» მონათლა

12/12/2019 13:07:36 სხვა, თვალსაზრისი, ანალიზი, საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დღეს სხდომათა დარბაზში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განსაწესებლად იკრიბებოდნენ, მაგრამ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. აქტუალურ თემად „კლანის მოსამართლეების“ ნაცვლად პარლამენტის შენობის განიავება იქცა: მოულოდნელად დამდგარი მძაფრი სუნის გამო პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელი შეუძლოდ გახდა.  მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიცია დაადანაშაულეს და საკმაოდ ხმამაღალ ფორმულირებებსაც არ მოჰრიდებიან. მაგალითად, დეპუტატმა წილოსანმა ბრძანა, „მალე საწამლავს ჩაგვიყრიან ყველასო“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფლიო კილაძემ კი ტერორიზმთან გაავლო პარალელი: „რა ტერორისტებიც იყვნენ, იგივე ტერორს აგრძელებენ: შემოდიან და წამლავენ ადამიანებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენო“. საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ფაქტს «სავარაუდო ქიმიური შეტევის» კვალიფიკაცია მისცა.  

მოგვიანებით უსიამოვნო სუნზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო და სხდომათა დარბაზში დაღრვრილი ნივთიერება სოციალურ ქსელში დაასახელა: პარლამენტის საქმიანობის პარალიზების წყაროდ ACD 2F იქცა.

 

„საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში“,– განაცხადეს მოძრაობაში.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ „აქცენტთან» საუბრისას დაადასტურა „სირცხვილიას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების თაობაზე, თუმცა ამ აქციის მიზანსა და იმაზე, თუ ვისი დახმარებით განხორციელდა იგი, კომენტარი არ გააკეთა. ამასთან, ის კატეგორიულად არ იზიარებს დეპუტატების შეფასებას პარლამენტზე «სავარაუდო ქიმიური შეტევის» შესახებ: 

„არანაირი ქიმიური არ არის, პირიქით, სამკურნალოდაც კი იყენებენ ამ ხსნარს!».


«ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ იმაზე, რომ გავახმაურეთ, რომ სისტემა ყარს და ეს რეალურად, სისტემის სუნი იყო. ჩვენი არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა პარლამენტში, რადგან ფიზიკურად არ უშვებენ. გააკეთეს ალბათ, მათ, ვინც არ ემხრობა ამ არაკომპეტენტური მოსამართლეების დანიშნვას. იმედია, არავინ დაზარალებულა და სერიოზული არავის არაფერი სჭირს. მაგრამ კარგია, რომ გამოჩნდა, რომ სისტემა ყარს”,– განუცხადა „აქცენტს“ მოძრაობის წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

პერფორმანსის მიზანი იკითხება ამავე მოძრაობის წევრი ზუკა ბერძენიშვილის ფეისბუქ–პოსტში: 


“ცუდად მოფიქრებული პერფორმანსი” და “კრეატივი, რომელიც არ მუშაობს” -  ასე აფასებენ მომხდარს ვოლსკი და მდინარაძე [უმრავლესობის წევრები – რედ.] კომენტარებში, რომელსაც იძლევიან დერეფანში ჟურნალისტებთან, ნაცვლად იმისა, რომ ისხდნენ დარბაზში და უვადო მოსამართლეებს ამტკიცებდნენ.  რა ჰგონიათ? ამოცანა რა იყო? მათი გულის მოსაგებად კეთდებოდა?!“. 

რაც შეეხება უშუალოდ დასახელებული ნივთიერების მახასიათებლებს,  როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ვეტ-პრეპარატების რეგისტაციის სამმართველოს ერთ–ერთი შემქმნელი და ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჩიკვაიძე განმარტავს, ეს ხსნარი ვეტერინარული დანიშნულებისაა:  

„თუ ეს იყო "ACD ფრაქცია 2", ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი. უმეტეს ქვეყნებში აკრძალული რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის, მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება; იგი გამოირჩევა ჰიპერალერგიულობით, მძაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. ასევე ექიმბაშები იყენებენ მას, როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატს და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ!“.

შს სამინისტრო მომხდარით უკვე დაინტერესდა და სისხლის სამართლის საქმე 117–ე მუხლით აღძრა, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S