Accentnews.ge
რატომ გახდა საქართველო პარლამენტში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე

რატომ გახდა საქართველო პარლამენტში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე

12/12/2019 10:41:51 თვალსაზრისი, ანალიზი

უცნაურია, მაგრამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის გამართული ცხარე კამათი  საბოლოოდ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებზე ძალადობის დღემდე უპრეცედენტო ინციდენტში გადაიზარდა: სხდომიდან, რომელზეც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად უვადოდ გამწესებისთვის განსაზღვრული კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, მანდატურებმა უხეში ფორმით რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც გაყარეს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლები როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე ამ სცენის თვითმხილველებისთვის გაუგებარი დარჩა.


„დებატებს ვაშუქებდით ჟურნალისტები და მოულოდნელად დაირაზმდნენ მანდატურები. რაც მთავარია, ეს ხდებოდა უმრავლესობის დეპუტატების თვალწინ და არც ერთ მათგანს არ მოუწოდებია მათთვის, შეეწყვიტათ ასეთი ქცევა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, «მე ჩავერიეო», მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენზე ძალადობდნენ, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ შემდეგ თქვა, „კარგით, შემოუშვითო“. რატომ მოხდა ეს, ჩვენთვის არავის განუმარტავს“,– ამბობს „ტაბულას“ ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელიც მანდატურებმა დარბაზიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, გაათრიეს. 


როდესაც მოგვიანებით ჟურნალისტებმა დარბაზში შეღწევა შეძლეს და სცადეს, გაერკვიათ, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, ძალადობის ფაქტი «არ დამინახავსო».  არადა, ეს ყველაფერი მის სიახლოვეს ხდებოდა – მთელი საკომიტეტო დარბაზი ხომ სულ რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართისაა, მოგვიანებით კი ოხანაშვილმა ფაქტს „მცირე ინციდენტი“ უწოდა. 

მისგან განსხვავებით, მომხდარის კიდევ ერთი თვითმხილველი - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ იგი რეაგირებას საჭიროებს. 


„რაც ვიხილეთ, ეს დანაშაულის ნაწილში თუ არა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა, მინიმუმ, არაეთიკური ქცევა, მათ შორის - მანდატურებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან. საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში მსგავსი რამ არ მახსენდება. ეს იყო სამარცხვინო, ძალიან ცუდი მოპყრობა ჟურნალისტებისადმი“,– განუცხადა „აქცენტს“ მშვენიერაძემ.

ცნობისთვის: ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლი არეგულირებს, ითვალისწინებს პასუხისმგებლობასაც.   

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ ვახუშტი მენაბდეს დღეს ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებამ სპორტდარბაზი გაახსენა. 


„რაც ჩვენ და საზოგადოებამ პარლამენტში ვიხილეთ, მსგავსი რამ მხოლოდ სპორტულ დარბაზებში ხდება. ეს იყო წარმოუდგენელი უხეშობა ჟურნალისტების მიმართ, რაც, ცხადია, ცალსახად დასაგმობია. ამ ფონზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ამახინჯებდა ქართულ მართლმსაჯულებას,  გაეწია რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. ეს არაადეკვატურია და კრიტიკას არ ექვემდებარება. განვითარებული მოვლენები უნდა შეფასდეს და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, იქნება ეს დისციპლინური, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ სხვა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბარში მენაბდე, რომელიც მოვლენებს თვალს, მშვენიერაძის მსგავსად, ახლო დისტანციიდან ადევნებდა. 

განსხვავებული თვალით დაინახა ინციდენტი ყოფილმა ჟურნალისტმა, ამჟამად მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ენძელა მაჭავარიანმა, რომელიც ასევე დარბაზში იმყოფებოდა: 


„სხდომის ჩაშლა უნდოდა ოპოზიციას და ამაში იხმარდა მოკავშირე ჟურნალისტებს. იყო წივილ–კივილი. ანუ, დესტაბილიზაციისთვის იყვნენ შემოსულები, რომ ვერ ჩაგვეტარებინა კომიტეტის სხდომა, მაგრამ მაინც გავართვით თავი და სხდომა ჩავატარეთ. სულ ეს იყოო“. 

– ანუ დესტაბილიზაციას აწყობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც სხდომის მიმდინარეობის გაშუქების პროცესში „მოხსნეს“ და ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოთახიდან?

– ყველა კი არ აწყობდა დესტაბილიზაციას. ხომ ჰყავს თავისი პარტიული ტელევიზია თინა ბოკუჩავას, ნატო ჩხეიძეს, რომან გოცირიძეს, მამუკა ხაზარაძეს და ამნაირ ხალხს? კიოდნენ და წიოდნენ. ისეთი სიტუაცია იყო, რომ პირადად მე პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ და არ მინახავს, რომ მსგავსი რამ ჟურნალისტებს ექნათ. ჯერ ერთი, რამდენი ჯგუფი შეიძლება, ჰყავდეს ერთ დარბაზში ერთ ტელევიზიას?

– მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა პარლამენტში...

– ბოკუჩავამ განაცხადა, „არ ჩაგატარებინებთ სხდომასო“. ჩვენ ვუთხარით, „ჩავატარებთო“ და ჩავატარებთ. დანარჩენი დეტალებია.

ანუ ფიქრობთ, რომ რაც მოხდა, ის რეაგირებას არ საჭიროებს? არსებობს კადრები, რომ ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გაჰყავთ დარბაზიდან და უმრავლესობა ჟურნალისტებისა კარს მიღმა აღმოჩნდა...

– რა თქმა უნდა, თუ ძალის გადამეტება იყო, ეს მანდატურსაც უნდა მიეთითოს და ჟურნალისტსაც. კადრები ხომ არის. მე ვერავის დამცველად გამოვდგები. კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა ვაგოთ პასუხი.

რა შეფასება მიეცემა ამ ეპიზოდს, ამ ეტაპზე უცნობია. მოგვიანებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მომხდარს «სამწუხარო» უწოდა, განაცხადა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს – სხდომის წამყვან ანრი ოხანაშვილს მსგავსი ბრძანება არ გაუცია, ისაუბრა დემოკრატიაში მედიის როლზე, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თითოეული ჟურნალისტის შეყვანა მას და მის კოლეგას მოუწია დარბაზში და პირობა დადო, რომ საკითხი შესწავლილი იქნება. 

განახლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.

„საქმე აღძრულია სს კოდექსის 154–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს“, – განუცხადეს „აქცენტს“ შსს–ში. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S